მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გია ვოლსკის განცხადებით, NGO-ების დაფინანსების პროგრამისთვის პირველ ეტაპზე, წინასწარი გათვლებით, 200 მილიონია საჭირო

ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამისთვის, წინასწარი გათვლებით, პირველ ეტაპზე 200 მილიონია საჭირო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, თუმცა ვალუტა დაკონკრეტებული არ არის.

„წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და შემდეგ უნდა გაიზარდოს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, ეს გარკვეულწილად „აუთსორსია“, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სწორი დასკვნები გააკეთონ კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხება.

„ამაში არაფერი უცხო არ არის. უცხოეთში ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, მთავრობებისგანაა დაფინანსებული. საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო – კორუფციიდან დაწყებული, განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა – რევოლუციის მოწყობას. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ ბნელა. მედია არ არის დამორჩილებული. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გახსნას ნებისმიერი მედია და გააანალიზოს, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოში ნებისმიერი პროცესი. ჩვენი საზოგადოებაც არ არის ის საზოგადოება, რომელსაც ადვილად მოატყუებ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა სწორედაც კრიტიკული უნდა იყოს და შენ კრიტიკულს ქირაობ, რათა სწორი გზა მიგითითოს, დაგეხმაროს, სახელმწიფო სტრუქტურების ხარისხიანობაზე ხარისხიანად იმსჯელოს და არა – რევოლუცია მოაწყოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს და მსოფლიო გახვეულია ცეცხლის ალში. ამ ინიციატივაში ყველა არასამთავრობოებზეა საუბარი, დარეგისტრირდება თუ არ დარეგისტრირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები