მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი არველაძემ საინვესტიციო ფონდი „ბაობაბ კაპიტალი“ დააფუძნა - ინტერვიუ

64aed0b646a7e
თელარა გელანტია
12.07.23 22:00
2359
სტატიაში საუბარია:
ბიზნესმენმა გიორგი არველაძემ საინვესტიციო ფონდი „ბაობაბ კაპიტალი“ დააფუძნა. „ბაობაბ კაპიტალი“ ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის 15 ივნისს რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება და ჰყავდეს არაუმეტეს 20 გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი.

„ბაობაბ კაპიტალის“ გეგმებზე გიორგი არველაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ბიზნესმენის თქმით, პირველ ეტაპზე, „ბაობაბ კაპიტალის“ სპეციალიზაცია უძრავი ქონება იქნება.

- რატომ გადაწყვიტეთ საინვესტიციო ფონდის შექმნა?

- საიდან წამოვიდა იდეა?! - მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, მაგალითად, ასე 20 წლის წინ საბანკო სექტორისთვის ფულის მოზიდვა ბევრად ძვირი იყო, ვიდრე - დღეს, როცა საფინანსო სექტორი განვითარებულია. შესაბამისად, ბევრი ადამიანისთვის დანაზოგის ანაბარზე განთავსება, შენახვის ფუნქციასთან ერთად, შემოსავლის მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა - 15-20 წლის წინ დოლარში დეპოზიტზე წლიური სარგებელი 12%-14% იყო და ეს იყო შემოსავალი, რომელიც ადამიანს საცხოვრებლადაც ყოფნიდა... საბანკო სექტორის განვითარებასთან და სხვა მიზეზებით, ეს ხარჯი ბანკებს შეუმცირდათ, ისინი ბევრად უფრო ეფექტურები გახდნენ, დეპოზიტებზე განაკვეთმაც ნელ-ნელა იკლო და გაჩნდა საჭიროება, რომ ადამიანებს საკუთარი დანაზოგით დამატებითი შემოსავლის მიღების ალტერნატიული წყარო მოეძებნათ. ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია უძრავ ქონებაში ინვესტირება, რომელიც სხვა წყაროებთან შედარებით უსაფრთხოა და ამიტომაც ინვესტირებისთვის პოპულარულია... „ბაობაბ კაპიტალი“ იქნება საინვესტიციო ფონდი, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს, ადამიანს საშუალებას მისცემს, გააკეთოს ინვესტიცია სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში ისე, რომ თავად არ მართოს, მაგრამ მიიღოს შემოსავალი. რა თქმა უნდა, ამ გზით მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე უძრავ ქონებაში ჩვეულებრივ ინვესტირება ანუ ყიდვა და შემდეგ გაქირავება...

- ანუ „ბაობაბ კაპიტალი“ იქნება უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი?

- დიახ, „ბაობაბ კაპიტალის“ სპეციალიზაცია არის უძრავი ქონება... „ბაობაბ კაპიტალი“ არის ქოლგისებრი ფონდი, რომელიც ოთხ სხვადასხვა თემატიკის ქვეფონდს აერთიანებს. ესენია: ადრეული ეტაპის საცხოვრებლის განვითარების ფონდი, გვიანი ეტაპის საცხოვრებლის ფონდი, სუბურბანული განვითარების ფონდი და მიწის ფონდი.

- უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის შექმნის იდეა მას შემდეგ გაგიჩნდათ, როცა სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში შეხვედით? ვგულისხმობ კომპანია „ბილდერზს“...

- რა თქმა უნდა... ორივე მხრიდან შევხედოთ საკითხს - დღეს, უამრავი ადამიანია, რომელიც უძრავ ქონებას საინვესტიციო მოტივით ყიდულობს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი სურვილი და იმის ალბათობა, რომ საინვესტიციო ფონდის საქმიანობა წარმატებული იქნება.

- საინვესტიციო ფონდში ინვესტირებისას ინვესტორის მთავარი კომფორტი რა არის?

- პირველ რიგში, ინვესტორისთვის კომფორტი არის ის, რომ სასურველ ბიზნესში დებს ინვესტიციას; მეორე - ინვესტორს არ უწევს ბიზნესის მართვა, შესაბამისად, ეს არის პასიური შემოსავალი და მესამე - გამომდინარე იქიდან, რომ საინვესტიციო ფონდების საქმიანობა რეგულირებადია და ეროვნული ბანკია ზედამხედველი, ეს ინვესტორისთვის ნიშნავს მეტ სანდოობას და კომფორტს. ამდენად, უძრავ ქონებაში ინვესტირება და ამ გზით დანაზოგების დივერსიფიკაცია საინტერესოა როგორც გათვითცნობიერებული, ისე გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის.

- როგორ აპირებთ ინვესტორების მოზიდვას „ბაობაბ კაპიტალში“?

- გამომდინარე იქიდან, რომ „ბაობაბ კაპიტალი“ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, ფონდში ინვესტირება, ძირითადად, შესაძლებელი იქნება გათვითცნობიერებული ინვესტორებისთვის - ეს არის ადამიანების ის კატეგორია, რომელსაც ან დიდი შემოსავალი გააჩნია ან დიდი ოდენობის აქტივები, ან აქვს ფინანსური ბაზრების სიღრმისეული ცოდნა. ამდენად, ფონდში ფინანსურ რესურსს ინდივიდუალურად მოვიზიდავთ. საწყის ეტაპზე ეს სირთულეს არ წარმოადგენს და თანხების მოზიდვა საკმაოდ იოლად იქნება შესაძლებელი.

- თან თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით საბანკო-საფინანსო სექტორში...

- იცით, საინვესტიციოდ მიმზიდველი პროექტების შექმნა და მომზადება უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე - ინვესტორებისგან თანხის მოზიდვა.

- ანუ ფული არის ქვეყანაში?

- დიახ... კარგ აქტივში დასაბანდებლად ფული არის.

- როდიდან უნდა ველოდოთ ფონდის აქტიურობას?

- ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მეორე დღიდან უკვე აქტიურად მიმდინარეობს თითოეული ქვეფონდის შესაბამისი საინვესტიციო პროექტების შერჩევა და უკვე რამდენიმე კვირაში ჩვენი ფონდის რიგებში პირველი ინვესტორებიც გამოჩნდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები