„სოლიდუსის“ მფლობელის გიორგი არველაძის განცხადებით, კომპანიას სპეციალური საწარმოს სტატუსი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის ყოველწლიურად გარკვეული ვადით უხანგრძლივდება. ამის შესახებ მან BM.GE-ის მას შემდეგ განუცხადა, რაც რედაქციამ მთავრობის განკარგულების შედეგად სტატუსის გახანგრძლივების მიზნობრიობის შესახებ კითხვით მიმართა.
გიორგი არველაძე აღნიშნავს, რომ 2010 წელს „სოლიდუსის“ დაფუძნების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში, ძირითადად საკვებ პროდუქტებს აწვდის.
„ყოველ წელს მიხანგრძლივდება ეს სტატუსი. ჩვეულებრივი პროცედურაა. ვადიანია ეს ნებართვა. გაუვა და მერე აგრძელებენ. ხან სამთვიანია, ხან სამწლიანია, ხანდახან ერთწლიანია. ძირითადად ვმუშაობთ საკვებ პროდუქტებზე. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე“, - განუცხადა BM.GE-ს გიორგი არველაძემ.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე „სოლიდუსი“ ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო-სექტემბერში საწვავსაც ყიდდა, რაც ადგილობრივად შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე გახდა მოთხოვნადი. ბიზნესმენის თქმით, დღეისთვის ოკუპირებულ რეგიონში საწვავზე მოთხოვნა აღარ არის, შესაბამისად კომპანიას საწვავს აღარ აწვდის.
მისივე ინფორმაციით, კომპანია სოლიდუსი 2010 წელსაა დაფუძნებული და მისი საქმიანობა ოკუპირებული აფხაზეთში საქონლის მიწოდება წარმოადგენს. საქმიანობა ცალმხრივია. წლების განმავლობაში „სოლიდუსი“ აფხაზეთს აწვდიდა კვების პროდუქტებს, გაყინულ თევზსა და ხორცპროდუქტებს, კომბინირებულ საკვებს, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნერგებსა და ყვავილებს, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და საოჯახო დანიშნულების საქონელს, სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ საპოხ მასალებს - ძრავისა და ტრანსმისიის ზეთებს და სათადარიგო ნაწილებს. ამ საქმიანობის განხორციელებისთვის „სოლიდუსმა“ საქართველოს მთავრობისგან სპეციალური თანხმობა და სპეციალური საწარმოს სტატუსი 2022 წელს მიიღო, რომელიც 2023 წელს 3 წლის ვადით - 2026 წლის 18 ივლისამდე, შემდეგ კი მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 3 თვით გაუხანგრძლივდა. 15 ოქტომბერს მთავრობამ კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი კიდევ ერთხელ ამჯერად - 1 წლით გაუხანგრძლივა.























