საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ვერსიით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, 2015-2017 წლებში მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა არ გადასცა ინვესტორს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდეგაც აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა.
უწყება წერს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილს ლეგალიზაციის მიზნით მშობლები ჩართო. კერძოდ, ა.ბ. და მ.რ. ხელს უწყობდნენ თანხების/აქტივების გადმოტანას საზღვარგარეთიდან საქართველოში, მათი აკუმულირებას ბაჩიაშვილის და კონტროლირებად ანგარიშებზე, ქონების შეძენასა და შემდგომ რეალიზაციას, რის შედეგადაც უკანონო აქტივები ფინანსურ სისტემაში ინტეგრირდებოდა. ამ პროცესში ხდებოდა აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმომავლობის, მდებარეობისა და საკუთრების უფლებების დამალვა.
გამოძიების ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა მშობლების დახმარებით 2 944 957 აშშ დოლარისა და 1 097 187 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინა.
ორივე პირის მიმართ გამოძიებამ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, კანონით დადგენილ ვადაში.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება "მტკვარი ჰესის" საქმის განხილვაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე თავად ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის "შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს".
აღსანიშნავია ისიც, რომ 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა.




























