მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო

ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო.

დღეს სასამართლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარეობდა.

გადადების შუამდგომლობა, ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დააყენა. მისი თქმით, სასამართლო პროცესს გიორგი ბაჩიაშვილის მეორე ადვოკატი ვერ ესწრება. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი გამოიკითხება, რის შემდეგადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება "მტკვარი ჰესის" საქმის განხილვაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე თავად ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის "შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს".

აღსანიშნავია ისიც, რომ 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები