მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 30 ივლისს ჩაინიშნა - "საქმის განხილვა კვლავ გაუმჭვირვალეა"

ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის დავით ჯანდიერის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა კვლავ ხდება გაუმჭვირვალედ და უკიდურესად არასაიმედო პროცესუალურ გარემოში“.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ["ბიტკოინების საქმე]" სასამართლო სხდომა სხდომა ზეგ, 30 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმე ის არის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია განაჩენზე, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების თანახმად, თუ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

ადვოკატი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რადგან საქართველოში არ იმყოფება და 4 აგვისტოს ბრუნდება, მან სხდომის გადადება ითხოვა, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.

დავით ჯანდიერის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

გასული კვირის დასაწყისში, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან დამიკავშირდნენ, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს და მაცნობეს, რომ მისი საქმის განხილვა ჩანიშნული იყო 24 ივლისს. მალევე, განმეორებით დამირეკეს და მითხრეს, რომ სხდომა "ტექნიკური მიზეზებით" გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც ეს მედიით გაჟღერდა, დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ სხდომის გადადება უკავშირდებოდა მის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც თვალსაჩინო იქნებოდა დამსწრეებისთვის.

დღეს, 28 ივლისს, სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ სხდომა ჩანიშნულია ზეგ, 30 ივლისს, 12:00 საათზე. ამ ეტაპზე გიორგი გამოწერილი არ არის, თუმცა მისი დანახვა როგორც ჩანს, შესაძლებლად ჩაითვალა საზოგადოებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც მისი ადვოკატი, ამ დროისთვის არ ვიმყოფები საქართველოში (ვბრუნდებოდი 4 აგვისტოს) და ამის შესახებ ვაცნობე სასამართლოს სხდომის გადადებისთვის თუმცა ეს ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული. ამის გამო, იძულებული ვარ, ფორსირებულ რეჟიმში, ვეძებო გზები საქართველოში ხვალ დასაბრუნებლად და ამის გამო, არ მექნება საკმარისი დრო და საშუალებები ჩემს კოლეგასთან ერთად შევხვდე გიორგის.

პროცესის ადმინისტრირება აჩვენებს, რომ დაცული არ არის მხარეთა ინტერესები და სხდომების დაგეგმვის წესი უკავშირდება არა საქმის სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სტანდარტებს, არამედ, როგორც ჩანს, გარე მიზანშეწონილობას“, - წერს დავით ჯანდიერი.

შეგახსენებთ: პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად გიორგი ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები