გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის საქმეზეც შეეცვალა გირაო დაუსწრებელი პატიმრობით. 50,000 ლარის გირაო მას საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქართუ ბანკის სესხთან დაკავშირებულ საქმეზეც.
აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა არამხოლოდ გირაოს პირობები დაარღვია, არამედ კანონიც დაარღვია და მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ადვოკატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე რომ ბაჩიაშვილს ისედაც ჰქონდა დაუსწრებლად პატუმრობა შეფარდებული, ამ ზომის ხელმეორედ გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
გიორგი ბაჩიაშვილს ამჟამად პროკურატურა ედავება საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთას, ასევე ორ საქმეს, რომლებშიც მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილია. მათგან პირველია დავა "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილი აცხადებს რომ მას ეკუთვნის ის ბიტკოინები, რომლებიც გიორგი ბაჩიაშვილმა ქართუ ბანკიდან აღებული სესხით განხორციელებული ბიზნესპროექტის შედეგად გამოიმუშავა. ბიტკოინების რაოდენობა 9000-ს შეადგენს. მეორე დავა კი მტკვარი ჰესის პროექტს შეეხება, სადაც ივანიშვილი აცხადებს რომ გიორგი ბაჩიაშვილმა, თანაინვესტირების ფონდის CEO-ს პოსტზე მუშაობისას წინასწარ არ შეაფასა ის რისკები, რაც მტკვარი ჰესის განხორციელებას უკავშირდებოდა, რასაც შემდგომში პროექტის ვადაგადაცილება და 100 მილიონი დოლარით გაძვირება მოჰყვა. დაცვის მხარის შეფასებით ორივე ბრალი აბსურდულია, მეტიც "მტკვარი ჰესთან" დაკავშირებით წარდგენილი ბრალი ბაჩიაშვილის ინფორმაციით ხანდაზმულია, რადგანაც ბრალში აღწერილი მოვლენები 2014 წელს განხორციელდა, ხოლო წარდგენილი მუხლის ხანდაზმულობა 6 წელს შეადგენს.