„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
პროცედურის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან გამოცხადდა ძებნა საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა საერთაშორისო ძებნის დაწყების პროცედურები ამის შემდეგ უნდა დაიწყონ.
როგორც პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა. მისივე თქმით, დასადგენია ბაჩიაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და ასევე ის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.
ხახანაშვილის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვისა და სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები. პროკურორის შუამდგომლობით, ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები არსებობს.
გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის პროკურატურამ ბრალი დღეს, 5 თებერვალს წარუდგინა.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ორ საქმეზე ედავება პირველი გირაო 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საქმეზე, რომელზეც მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით 25 თებერვალს დაეკისრა.