ინგლისური ჩემპიონშიპის (მე-2 დივიზიონი) კლუბმა “უოტფორდმა” ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა. ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტის” საკუთრება იყო და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ამიერიდან “უოტფორდის” რიგებში დარჩება.
ინგლისელები არ ახმაურებენ კონტრაქტის დეტალებს, თუმცა ინგლისურ მედიაში იწერება, რომ “უოტფორდმა” “გენტს” 2,5 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო კონტრაქტის ხანგრძლივობა 3 წელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ როდესაც თბილისის “დინამომ” ჩაკვეტაძე ბელგიაში გაყიდა, კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო გაყიდვიდან “დინამოელები” თანხის 50%-ს მიიღებდნენ, შესაბამისად, მედიაში გახმაურებული თანხის მიხედვით თბილისური კლუბი “გენტისგან” 1,25 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ “უოტფორდმა” ჩაკვეტაძე 2023 წლის აგვისტოში იჯარით აიყვანა და მას შემდეგ ქართველმა შემტევმა 23 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.