ბიზნესმენი და აწ უკვე პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს - ინფორმაცია BM.GE-ის ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა დაუდასტურა.
„რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმსის“ დამფუძნებლის გიორგი ჩიკვაიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
ბიზნესმენის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ კი, "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ უფლებადამცველამდე დაპატიმრებული ბიზნესმენი ეტლით მიიყვანეს, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია, არის სუსტად და უჭირს საუბარიც.
"ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა - ეტლით გადაადგილდება, მას არ შეუძლია ფიზიკურად მოძრაობა. ადამიანი ვერ დადის და აქვს უკიდურესად მძიმე სიტუაცია, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა.
ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს სადამდეც ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ, რატომ შეეცვალა მას აღმკვეთი ღონისძიება ყველაზე მკაცრი პატიმრობით", - აცხადებს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი.
გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.