სახალხო დამცველი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის პრესრელიზში წერია, 2025 წლის 19 მარტს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს. ასევე, გაესაუბრნენ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას", - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმსის“ დამფუძნებლის გიორგი ჩიკვაიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ მისმა ბიზნესპარტნიორმა ირაკლი პაპიაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გუშინ დაწერა. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 8 დღეა შიმშილობს.
ჩიკვაიძის წინააღმდეგ გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი. გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.