მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს პროკურატურის განცხადების შემდეგ, Ramses Yachts-ის დირექტორის გიორგი ჩიკვაიძის მიერ 12 სექტემბერს, TV Pirveli-ს ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებას დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის პირველ მარტს გადაეცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია სასამართლოში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოძიების მხრიდან ბრალდებულების მიმართ ადგილი არ ჰქონია არანაირი სახის ზეწოლას ან მუქარას.

BM.GE უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას და საგამოძიებო ორგანოს დისკრედიტაციას.

გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი კომპანიის საჩივრის საფუძველზე, 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნული საქმე, 2024 წლის 1 მარტს გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, გ.ჩ.-ს და ი.პ.-ს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, საზღვარგარეთ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენასა და დაზარალებული კომპანიისთვის მიწოდებაზე. 2022 წლის 10 სექტემბერს მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებიც არაერთხელ შეიცვალა. გ.ჩ.-ს და ი.პ.-ს მიერ არ მომხდარა დაზარალებული კომპანიისთვის ნასყიდობის საგნის მიწოდება და დღეის მდგომარეობით კომპანიისთვის დაბრუნებული თანხა შეადგენს მხოლოდ 50 000 ევროს.

გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ხსენებული პირების მიმართ, 2024 წლის 4 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

ბრალდებულების მიმართ, მოსამართლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და პროკურორის ნებართვის გარეშე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია სასამართლოში.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულებთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა მათივე ინტერესების დამცველი ადვოკატი, გამოძიების მხრიდან ბრალდებულების მიმართ ადგილი არ ჰქონია არანაირი სახის ზეწოლას ან მუქარას.

სატელევიზიო ეთერით გასული, საქმეზე განსასჯელი პირის მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა და მიზნად ისახავს საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას".

როგორც ბიზნესმენმა TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა. ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები