თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
როგორც IPN წერს, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. მისივე განცხადებით, შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, მანამდე გახარიას პატიმრობა შეეფარდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზეც.
გახარია ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.




























