პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გარკვეული საგადასახადო შეღავათების გადახედვას აანონსებს.
ამის შესახებ მან პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ პირველ რიგში, იმ სასტარტო პოზიციებს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2019-2020 წლებისთვის. “ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა", - აღნიშნა პრემიერმა.
ამ კონტექსტში გიორგი გახარიამ სწორედ გარკვეული საგადასახადო შეღავათების გადახედვაზე გააკეთა აქცენტი.
"განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი. მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერობის კანდიდატს არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა სახის საგადასახადო შეღავათების გადახედვა იგულისხმა. bm.ge ეცდება, დამატებითი დეტალები ეკონომიკური პროფილის უწყებებში გაარკვიოს.