საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დანიის ერთ-ერთ გრანდში “კოპენჰაგენში” გააგრძელებს. ტრანსფერი უკრაინული “შახტარიდან” იჯარის წესით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც დანიელებს წლის ბოლოს გიორგი გოჩოლეიშვილის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
გოჩოლეიშვილი ახალ გუნდში 22-ნომრიან მაისურს მოირგებს და ვარჯიშს მას შემდეგ შეუდგება, რაც ქვეყანაში მუშაობის უფლებას მიიღებს.
“ძალიან გახარებული ვარ აღნიშნული შესაძლებლობით. ეს არის კლუბი, რომელსაც ევროპულ ტურნირებზე გამოსვლის უდიდესი ისტორია გააჩნია. გუნდის მწვრთნელთან და სპორტულ დირექტორთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ერთი სული მაქვს მოედანზე ახალ თანაგუნდელებთან ერთად გასვლის შესაძლებლობა როდის მომეცემა”, - აღნიშნა გოჩოლეიშვილმა.
ცნობისთვის, ქართველი მცველის აგენტი ირაკლი ლილუაშვილია, რომელიც სააგენტო “ბენე სპორტსის” წარმომადგენელია. სწორედ მისი ჩართულობით გადავიდა “საბურთალოდან” “შახტარში” გოჩოლეიშვილი, რომელმაც უკრაინაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.
გოჩოლეიშვილი დონეცკელების რიგებს 2023 წლის იანვრიდან იცავდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 24 შეხვედრა ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. “კოპენჰაგენის” ისტორიაში ის მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება, მანამდე დანიელთა რიგებში მიხეილ აშვეთიასა და დავით ხოჭოლავას უასპარეზიათ.