მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს

645cb45805dde
თამთა ჯიჯავაძე
11.05.23 23:27
32317
ჩვენი პროგნოზით, რაღაც თვეებში შეიძლება დეფლაცია გვქონდეს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასობრივად ყველა პროდუქტზე ფასები შემცირდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადა, სადაც ის საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვას წარადგენს.

დეპუტატის კითხვაზე, რატომ არ მცირდება ფასები - გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ როცა ინფლაცია 2.7% ან უფრო დაბალია, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები მცირდება.

„რატომ არ მცირდება ფასები? ორი კუთხით შევხედოთ ამას: თუ შინაარსობრივად შევხედავთ, იმპორტირებული ინფლაცია ახლა არის უფრო შემცირებული, ვიდრე ადგილობრივი ინფლაცია და ეს დიდწილად გამოიწვია იმან, რომ საერთაშორისო ბაზარზე, ფასები გარკვეულწილად წამოვიდა ქვევით - არ ჩამოვიდა იმ დონეზე, რაც იყო პანდემიამდე პერიოდში, თუმცა, როგორც ტრანსპორტირების ხარჯი, ასევე თავად პროდუქტების ღირებულება შემცირდა. პირობითად იმპორტირებული ფასი რატომ პირდაპირ არ აისახება თაროზე? როგორც წესი, გარკვეული პერიოდია საჭირო ხოლმე საიმპორტო ფასის შემცირებიდან, უკვე თაროზე რომ მოხვდეს. ჩვენ ნამდვილად ვერ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამა თუ იმ იმპორტიორს და მწარმოებელს ფასები დავუდგინოთ, შეიძლება რეგულაციები, რაც ევროკავშირში მოქმედებს, მარკეტინგის ხარჯები და ა.შ. არ შეიყვანონ პროდუქტის ფასში, და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები მზადდება, თუმცა, კონკრეტული ფასის დადგენაზე ვერ მივალთ. მაგრამ ზოგად სურათზე თუ ვმსჯელობთ, ინფლაცია არის 2.7% და იქნება კიდევ უფრო დაბალი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები მცირდება, თემა არის ის, რომ ფასები გაიზარდა და ახლა აღარ იზრდება.

ის რომ 0% გვაქვს ინფლაცია და ფასები უკან წამოვა, ეს ნიშნავს, რომ დეფლაციაში უნდა ვიყოთ საკმაოდ დიდი მოცულობით, რაც ეკონომიკას იმდენად დააზიანებს, რომ უკვე სხვა პრობლემებს შექმნის. გრძელვადიანი დეფლაცია გაცილებით უარესი შეიძლება იყოს, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი. ეს ეკონომიკაში ასეა. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ნიშნავს, რომ ფასები არ იზრდება. შეიძლება წელს მივიდეთ დეფლაციამდე, ჩვენ ამას კონტროლს ვერ გავუწევთ პირდაპირ, თუმცა, ჩვენი პროგნოზით, რაღაც თვეებში შეიძლება დეფლაცია გვქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ მასობრივად ყველა პროდუქტზე ფასები შემცირდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.7% შეადგინა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. დოკუმენტის თანახმად, წლიური ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების 5.9%-იანი ზრდა იყო, რამაც 2.7%-იან ინფლაციაში 2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები