სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს კანდელაკის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დაუდასტურა.
მისი განცხადებით, სასამართლომ გიორგი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ამოღებულია 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირი დააკავეს, მათ შორის გიორგი კანდელაკიც.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. მათ ქალაქ გორში, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე, მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად საჭირო ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯგუფის წევრები სისტემატურად ამზადებდნენ და ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ალკოჰოლურ სასმელებს ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.


























