მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კანდელაკი ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

გიორგი კანდელაკი

ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი არალეგალური ალკოჰოლის წარმოების საქმეზე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. როგორც მედიასთან კანდელაკის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიგურირებს საქმეში, რომელსაც „არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან“.

რა ბიზნესებს ფლობს გიორგი კანდელაკი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ალკოჰოლის არალეგალური წარმოებისთვის დააკავეს?

„ბრალი ოფიციალურად წარედგინა, თუმცა დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ გადმოსცემია. ბრალში ასახული ფაქტობრივი გარემოებები რეალობას არ შეესაბამება. გიორგი კანდელაკს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ქარხანასთან, რომელიც ალკოჰოლის არალეგალურ წარმოებაში ფიგურირებს. არც ქონებრივი და არც იურიდიული თვალსაზრისით ის ამ ობიექტებთან დაკავშირებული არ არის.

ამ ქარხანასთან, ამ კომპანიებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია გიორგი კანდელაკას. მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კანდელაკი არის მთავარი და შემდეგ დასახელებული პირები მის უკან საქმეს აწარმოებენ. ეს არის არაზუსტი და თავიდანვე არასწორად იყო გავრცელებული", - განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გუშინ 17 სექტემბერს ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები შიდა ქართლის რეგიონში კუსტარულად ამზადებდნენ და არალეგალურად ახორციელებდნენ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი (გორის საკრებულოს წევრი), ქართლოს ჯალაბაძის ძმა – გიორგი ჯალაბაძე და ალექსანდრე კურტანიძე.

მოსიაშვილის თქმით, გიორგი კანდელაკი ლეგალურად ოპერირებს სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ, ფლობს რამდენიმე რესტორანს და სასტუმრო „რანჩოს“ ვარიანს. ადვოკატის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კანდელაკის საკუთრებაშია ქარხანა და ფართობი, სადაც არალეგალური პროდუქცია იწარმოებოდა, „არასწორია და სიცრუეა.“

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (არალეგალური მეწარმეობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 200-ე მუხლის მე-4 ნაწილით (უაქციზო პროდუქციის შენახვა/გადაზიდვა/რეალიზაცია დიდი ოდენობით) დაიწყო, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ადვოკატის თქმით, გიორგი კანდელაკი ამ დროისთვის ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები