მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი კანდელაკს და კიდევ 6 პირს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - პროკურატურა

ალკოჰოლი

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, მათ შორის ცნობილ ბიზნესმენს და ყოფილ მოკრივეს გიორგი კანდელაკს, ბრალდება წარუდგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლის გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირება და უკანონო რეალიზაცია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა კი დღეს სასამართლოში ბრალდებულებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის სქემა ასეთი იყო:

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი ტექნიკურად სრულად აღჭურვილი საწარმო, სადაც სისტემატურად აწარმოებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს — ძირითადად ვისკისა და არაყის ტიპის — აქციზური მარკის გარეშე.

გასაღების პროცესში, მათი მოქმედებები მოიცავდა ნობილი უცხოური ბრენდების დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებას, რაც მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანასა და ბაზრის დარღვევას იწვევდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 75 000 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

გიორგი კანდელაკი არალეგალური ალკოჰოლის წარმოების საქმეზე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. როგორც მედიასთან კანდელაკის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიგურირებს საქმეში, რომელსაც „არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გუშინ 17 სექტემბერს ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები შიდა ქართლის რეგიონში კუსტარულად ამზადებდნენ და არალეგალურად ახორციელებდნენ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი (გორის საკრებულოს წევრი), ქართლოს ჯალაბაძის ძმა – გიორგი ჯალაბაძე და ალექსანდრე კურტანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები