ფინანსური ბალანსის დასარეგულირებლად “ლიონმა” გიორგი მიქაუტაძე “ვილიარეალში” გაუშვა. “ვილიარეალმა” “ლიონს” 36 მილიონი ევრო გადაუხადა. ფრანგული გუნდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსფერის ღირებულება 36 მილიონია, მათ შორის, 5 მილიონი ევროს ბონუსი, ხოლო მომდევნო ტრანსფერიდან ისინი თანხის 10%-საც მიიღებენ.
გამოსარჩევი ფაქტია ისიც, რომ მიქაუტაძე “ვილიარეალის” ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა. ეს სტატუსი პორტუგალიელ მცველ რენატო ვეიგას ჰქონდა, რომელიც ესპანელებმა “ჩელსიდან” 29 მილიონად იყიდეს, თუმცა ახლა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი მიქაუტაძეა.
ქართველი ფორვარდის დამატებით “ასტონ ვილა”, “ნეომი”, “ბრენტფორდი” და “ბარნლი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ “ვილიარეალმა” ყველას აჯობა, რომელიც ტიერნო ბარის, ალექს ბაენასა და იერემი პინოს გაყიდვის შემდეგ შემტევს ეძებდა.
24 წლის ქართველმა ფორვარდმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდგომაც ექვსწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა, შესაბამისად, ესპანური კლუბის საკუთრებაში 2031 წლის ზაფხულამდე იქნება.
ცნობისთვის, “ვილიარეალმა” ლა ლიგა შესანიშნავად დაიწყო, სამ ტურში 7 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს, რომლის ფაზის ეტაპზე “მანჩესტერ სიტის”, “დორტმუნდს”, “იუვენტუსს”, “ლევერკუზენს”, “აიაქსს”, “ტოტენჰემს”, “კოპენჰაგენსა” და “პაფოსს” დაუპირისპირდება.




























