მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი “მონაკოში” ჩაიშალა

გიორგი მიქაუტაძე ლიონში

ევრო 2024-ის ერთ-ერთმა თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ მონეგასკურ “მონაკოს” ტრანსფერზე უარი შეუთვალა და შესაბამისად კლუბში ტრანსფერი ჩაიშალა.

მიზეზებთან დაკავშირებით ქართული სპორტული პორტალი Geo Team წერს, რომლის ინფორმაციითაც გუნდის ხელმძღვანელები გიორგი მიქაუტაძე საკუთარ პოზიციაზე თამაშის პირობას ვერ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველ ფორვარდს “მონაკოში” გადასვლის პერსპექტივა არ ხიბლავდა. ანალოგიური მიზეზით არ განხორციელდება ტრანსფერი “რომაში”, რადგან ისინი მიქაუტაძეს ფლანგის შემტევად მოიაზრებენ.

პარალელურად ფრანგული გამოცემა L’equipe ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქართველი შემტევი ძალიან ახლოსაა მშობლიურ “ლიონში” დაბრუნებასთან. მხარეებმა შეძლეს, როგორც პირადი დეტალების შეთანხმება, ისე ფინანსური საკითხების მოგვარებაც.

კლუბი მიქაუტაძეს დაჰპირდა, რომ მისთვის ჩვეულ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშებს და მას გუნდის ამჟამინდელ შემტევ ალექსანდრ ლაკაზეტს შეუწყვილებს.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 18 მილიონი ევრო სახელდება და კონტრაქტი 5 წელზე იქნება გათვლილი. გიორგი მიქაუტაძე სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის, რის შემდეგაც ვარჯიშებში 27 ივლისიდან ჩაებმება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და 2008-დან 2015 წლამდე ფეხბურთს ადგილობრივ აკადემიაში თამაშობდა.

გასულ სეზონში “ლიონმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპალიგაზე იასპარეზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები