წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს გასულ ზაფხულსვე ველოდით, თუმცა ტრანზიტი მხოლოდ ახლაღა გაოფიციალურდა. გიორგი ქოჩორაშვილი მომავალ სეზონს პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონ “სპორტინგის” რიგებში დაიწყებს.
ლისაბონელებმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €7,5 მილიონი გადაიხადეს, კონტრაქტი 5 წელზე იქნება გათვლილი და გამოსასყიდ თანხად €80 მილიონი იქნება მითითებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სამომავლოდ თუკი "სპორტინგი" ქოჩორაშვილის გაყიდვას გადაწყვეტს "ლევანტე" ტრანსფერიდან შემოსული თანხის 10%-12,5%-ს მიიღებს.
“გასულ უქმეებზე “ლევანტე” დაჩქარებული წესით მართავდა მოლაპარაკებებს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით დასრულდა. გიორგი ჩვენს გუნდში 30 ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს” - ნათქვამია “ლევანტეს” ოფიციალურ ვებგვერდზე.
უკანასკნელად “ლევანტესთან” კონტრაქტი გიორგიმ 2023 წელს გაახანგრძლივა, რომელიც 2+2 წესით გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ქართველმა ლა ლიგა 2-ში 26 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა, მისი გუნდი კი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლა ლიგაში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.