მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი რამიშვილი: მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, დავაფასოთ ჩვენი სამშობლოს დამცველები და გავერთიანდეთ მათთვის ღირსეული ყოფის უზრუნველსაყოფად

649eb6a284903
BM.GE
30.06.23 15:01
3813
30 ივნისი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. კვირეულის გახსნას პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში ნატოს სამეკავშირო ოფისისა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავის სიტყვაში თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ფონდი წლებია თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახოციელებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარში დგომისათვის.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა „სილქნეტმა“. დღეისათვის ფონდს ბენეფიციარებისთვის ორ მილიონ ნახევარ ლარზე მეტი აქვს გაღებული. ამ სახსრების მობილიზება ფონდმა, სილქნეტის ყოველწლიური 300 000 ლარის შენატანით, ბიზნესისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შეძლო. დახმარებას ასობით დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი, ასევე მათი არასრულწლოვანი შვილები და მეუღლეები იღებენ.

გიორგი რამიშვილი, კომპანია სილქნეტისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს. ეს ადამიანები თავიანთი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა საომარ მოქმედებებში. ზოგი მათგანი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ და საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მხრიდან იბრძოდნენ მსოფლიოში მშვიდობისათვის. სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზანი სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვაა. ამ საქმეში ჩვენ მთავრობასთან და ბიზნესთან ერთად ვთანამშრომლობთ. გვიერთდებიან ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, დავაფასოთ ჩვენი სამშობლოს დამცველები და გავერთიანდეთ მათთვის ღირსეული ყოფის უზრუნველსაყოფად. ამისათვის ჩვენი ფონდი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ასეთია Invictus Games Foundatio-ი. მათგან მიღებული გრანტით ჩვენ შევიძინეთ 10 ცალი მჯდომარე კალათბურთის ეტლი. ჩვენი დაჭრილ მებრძოლთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს "ძლიერთა თამაშებში", რომელიც წელს გაიმართება დუსელდორფში და ჩვენ მიერ გადაცემული ეტლების მეშვეობით მოემზადებიან ამ შეჯიბრებებისთვის. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ჯანმრთელობა“.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ თავის ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით, ფონდმა 143 ათასი ლარი გაიღო, საიდანაც უმეტესი წილი თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელებულ 8 გადაუდებელ ოპერაციას და სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა საზღვარგარეთის კლინიკებში:

• ჩატარდა 12 ოპერაცია და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის საზღვარგარეთ (ავსტრია,თურქეთი) – 97 871.94 ლარი
• 1 ვეტერანს დაუფინანსდა ქვედა კიდურების პროტეზირება - 28 260 ლარი
• 9 ბენეფიციარს დაუფინანსდა მედიკამენტების შეძენა - 6 086.80 ლარი
• 5 სამხედრო მოსამსახურის არასრულწლოვან შვილს ფონდი დაეხმარა სამედიცინო მომსახურებით და სასწავლო კურსების დაფინანსებით - 5 293.61 ლარი
• 1 სამხედრო მოსამსახურის მეუღლეს გაეწია სამედიცინო მომსახურება - 593 ლარი
• 3 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა რეაბილიტაციის კურსი - 5 290 ლარი

ფონდის მიერ 2023 წელს მობილიზებულმა შემოწირულობებმა, სილქნეტის ყოველწლიურ დონაციასთან ერთად, ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. ყოველ წელს ფონდს საქმიანობაში არაერთი კომპანია და ფიზიკური პირი უერთდება და მათი რიცხვი მზარდია. თუმცა, იმისათვის, რომ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს ფონდის საქმიანობამ, მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოს დამცველთა ზრუნვის საქმეში მთელი საზოგადოება გაერთიანდეს. დაჭრილ მებრძოლთა ჯანმრთელობა არამარტო ფიზიკური, არამედ მენტალური საკითხების მკურნალობას გულისხმობს. ფონდი სამომავლოდ ამ მიმართულებითაც მოიაზრებს მუშაობას.

ქართველი დაჭრილი მებრძოლების სპორტული გუნდი ყოველთვის წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრში. ამჯერადაც აქტიური მზადება მიმდინარეობს ძლიერთა თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც სექტემბერში დუსელდორფში გაიმართება. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „Invictus Games Foundation”-ისგან მიღებული გრანტით ქართველი მებრძოლებისთვის შეიძინა 10 მჯდომარე კალათბურთის ეტლი, რომელიც მალე საქართველოში ჩამოვა.

დავით მამულაიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი: „ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭიროა, როგორც სპორტული თამაშები, ისე სამსახური, ურთიერთობები და ასე შემდეგ. დაჭრილი მებრძოლების თანადგომისათვის ფონდმა შეძლო სხვადასხვა მიმართულებით ზრუნვა: ეს არის სამედიცინო თუ სოციალური დახმარების გაწევა. ამასთან ერთად, აღსანიშნია ჩვენი ბენეფიციარების სპორტული აქტივობა და მათი წარმატებები, სადაც ჩვენი ფონდი აქტიურად არის ჩართული. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მჯდომარე კალათბურთის ეტლებით, მებრძოლთა გუნდს საშუალება ექნება აქტიურად ივარჯიშოს და წარმატებით იასპარეზოს შეჯიბრებებში“.
ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერა, შემოგვიერთდით:

საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771 თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი, სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები