კახეთში, სასტუმრო "გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი" დროებით დაიხურა. ეს გადაწყვეტილება განთავსების ობიექტის მფლობელმა ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. BM.GE-სთან საუბრისას უშიკიშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წელს შემოდგომის მიწურულისთვის სასტუმროს შემოსავლები 2024 წლის შემოსავლის მხოლოდ 40% იყო.
საქმე ის არის, რომ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, კახეთის სასტუმროებისთვის 2025 წელი დიდწილად, ნეგატიური იყო და ბევრი სასტუმრო დახურვის პირას არის. „წერტილში“ სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ აპრილამდე დაიხურა თელავში ერთადერთი ბრენდული სასტუმრო "Holiday Inn თელავი". დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით, BM.GE-მ კახეთში მოქმედი სასტუმროების მოკითხვა გადაწყვიტა.
გიორგი უშიკიშვილის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ გასულ წელს სასტუმროს დახურვა დროებით საპროტესტო აქციების გამო ჯავშნების გაუქმების გამო დახურეს, წელს ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ტურისტები არ ჰყავდათ.
„ზამთარში სასტუმროს არ ვხურავდი. თუ გასულ წელს სასტუმრო აქციების გამო იყო დახურული, 2025 წელს უკვე ფინანსური პრობლემების გამო დავხურე.
იმიტომ, რომ 2025 წელს შემოსავლის სახით 2024 წლის არსებული მაჩვენებლის მხოლოდ მესამედი მივიღეთ. 2024 წელს ეს ასე არ იყო. 2025 წელს 2024 წელთან შედარებით შემოსავალი ფაქტობრივად 40% იყო. შესაბამისად, თანხების აკუმულირება ვეღარ მოვახდინე. მაგალითად, შარშან თუ აქციების გამო სასტუმროს დახურვის შემთხვევაში დასაქმებულებს ხელფასს ვუხდიდი, წელს, უკვე სტაფსაც ვეღარ ვუხდი ხელფასს, ანუ სტაფი ფაქტობრივად დავშალე. დაახლოებით, რაც დამატებითი პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი უკვე დატრენინგებული სტაფი იყო და ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შემიქმნის. მაგალითად, რომ გავხსნა გაზაფხულზე, არსებული დასაქმებულებიდან ბევრი შეიძლება უბრალოდ აღარ დაბრუნდეს და სხვაგან დაიწყოს მუშაობა, სხვა სფეროებში გადავიდეს და ამ სტაფის მომზადება თავიდან დამჭირდეს“, - აცხადებს გიორგი უშიკიშვილი და განმარტავს, რომ 2025 წლის შემოსავლების დიდი ნაწილი მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაგენერირდა.
„ურთულესი წელი იყო. არ ვიცი რამდენი ტურისტი შემოვიდა, მაგრამ ალბათ ისეთი ტურისტები იყვნენ, ვინც კახეთს დიდად არ სწყალობს“ - აცხადებს შატო-მარნის მფლობელი და დასძენს, რომ წელს ევროპიდან ტურისტები ფაქტობრივად არ ჰყოლიათ, ამ მიმართულებებიდან კი ვიზიტორები მათი სერვისებით - ღვინის დეგუსტაციებით და კახეთის ავთენტიკური გარემოს გაცნობით ყველაზე მეტად ინტერესდებიან.
„ერთადერთი, რაც თვალშისაცემი იყო, რომ ევროპელი ტურისტი ფაქტობრივად აღარ იყო. იგივე მაგალითად, ტურისტული სააგენტოები გვიუქმებდნენ და გვიუქმებდნენ ტურებს. და რატომ ვახსენებ ევროპელს, იმიტომ რომ ჩემთან ძირითადად ევროპელი ტურისტი დადიოდა. ანუ, ის ტურისტი მოდიოდა რეალურად, ვინც ვისაც ღვინო უყვარს და ეთნო გარემო აინტერესებს. ახლა ვთქვათ, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულები ან აზიის ქვეყნებიდან, ან არაბები, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ღვინოსაც დიდად არ სწყალობენ და ალბათ ღორის ხორცს არ მიირთმევენ, ასეთი ტურისტები ჩვენ ფაქტობრივად არ გვყავს“, - განმარტა შატო-მარანის დამფუძნებელმა.
გიორგი უშიკიშვილი კახეთის ტურიზმში კონფერენციების სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მათ დატვირთვას და შემოსავლებზე ნეგატიურად მოქმედებს.
„შესაბამისად, ევროპელი ტურისტის ნაკლებობამ გამოიწვია შემოსავლების შემცირება და ასევე, ქართველი ტურისტების. ასევე ფაქტობრივად აღარ იყო რეგისტრირებული კონფერენციები. მაგალითად 2024-ში რომ ავიღოთ, მთელი ზაფხული თითქმის სულ კონფერენციები იყო და 2025-ში ერთი კონფერენციაც კი არ მქონდა“, - ამბობს ის და იმედოვნებს, რომ შატო-მარანი 2026 წლის მაისისთვის გაიხსნება.
სასტუმრო „გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი“ 15 ადამიანს ასაქმებდა.
ცნობისთვის, გიორგი უშიკიშვილმა შატო-მარანი დროებით 2024 წლის ბოლოსაც დახურა. მაშინ მიზეზი ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო გაუქმებული ჯავშნები იყო. ის აღნიშნავდა, რომ 2024 წლის ბოლოს 2 თვის განმავლობაში ახმეტაში მოქმედი სასტუმრო ფაქტობრივად გაჩერებული იყო. შატო-მარანი ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად 2025 წლის მაისში გაიხსნა, თუმცა სასტუმროს დამფუძნებელი, მაშინ დატვირთულობის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობდა.




























