კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე „გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანმა“, რომელიც წლის დასაწყისში დროებით დაიხურა, 24 ივნისს მუშაობა განაახლა. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შატო-მარნის ხელახლა გახსნა მიმდინარე ეტაპზე ძირითადად ოპერაციული პროცესების აღდგენასა და ობიექტის შენარჩუნებას უკავშირდება, ხოლო ტურისტული ნაკადების პროგნოზირება ჯერ რთულია.
„გუშინ გავხსენით და შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია რაიმეს თქმა აქტივობასთან და დატვირთვასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში კახეთში სერიოზული პრობლემაა ტურისტების კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ამ ინფორმაციას ერთმანეთს ვუზიარებთ იმ ბიზნესებს შორის, ვინც ამ სფეროში ვართ ჩართული.
საერთო ჯამში გავხსენით იმიტომ, რომ დიდი ხნით დახურვა სასტუმროსთვის დამატებით პრობლემებს ქმნის. ბევრი რამ იყო გამოსასწორებელი და იმისთვის, რომ ობიექტი არ დაზიანებულიყო, გადავწყვიტეთ გახსნა და პროცესის გაგრძელება“, - აღნიშნა მან.

უშიკიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ობიექტში 15 ადამიანი დასაქმდა. მისი თქმით, რამდენიმე დღეში აქტიურად იწყებენ მარკეტინგულ კამპანიასაც, რადგან სასტუმრო ფაქტობრივად ახლახან გაიხსნა.
"წინასწარ ჯავშნებზე ჯერჯერობით მხოლოდ „კავკასუს თრეველი“ აქტიურობს, თუმცა სხვა სააგენტოები ჯერ არ გამოჩენილან”, - განაცხადა მან.
დამფუძნებლის თქმით, ობიექტში გარკვეული განახლებებიც განხორციელდა, მათ შორის დაემატა დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, რათა შეთავაზება უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო.
"რაღაცები დავამატეთ, უფრო კომფორტული რომ იყოს სასტუმრო. დავამატეთ მოსასვენებელი სივრცეები, ლაუნჯ ზონა, მენიუშიც შევიტანეთ ცვლილებები და ფაქტობრივად გავაფართოვეთ გასართობი მიმართულებებიც, რათა მხოლოდ ღვინოსა და კვებაზე არ ვიყოთ ორიენტირებული", - აღნიშნა უშიკიშვილმა.
მისი თქმით, ბაზარზე გარკვეული გაუმჯობესების მოლოდინია, თუმცა ვითარება ჯერ საბოლოოდ არ არის გამოკვეთილი. ამიტომ კომპანია აქტიურად აპირებს კორპორაციული შეთავაზებების განვითარებას, რათა ტურისტული ნაკადების შემცირების გავლენა შეამსუბუქოს.
უშიკიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გაზრდილ ხარჯებთან ადაპტაცია აუცილებელი გახდა, რაც როგორც ხელფასების, ისე პროდუქციისა და კომუნალური მომსახურების გაძვირებაში აისახა.
"ზოგადად ხელფასები დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი, რადგან იმ პირობებში უკვე ვეღარ ვპოულობთ კადრებს, რა ანაზღაურებაც შარშან გვქონდა. ასევე გაზრდილია პროდუქციის ღირებულება და კომუნალური გადასახადებიც დაახლოებით 15-20%-ით არის დაკორექტირებული", - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი უშიკიშვილმა შატო-მარანი მიმდინარე წლის დასაწყისში დახურა. მანამდე დროებიტ დახურული ჰქონდა 2024 წლის ბოლოსაც. მაშინ მიზეზი ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო გაუქმებული ჯავშნები იყო. ის აღნიშნავდა, რომ 2024 წლის ბოლოს 2 თვის განმავლობაში ახმეტაში მოქმედი სასტუმრო ფაქტობრივად გაჩერებული იყო. შატო-მარანი ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად 2025 წლის მაისში გაიხსნა, თუმცა სასტუმროს დამფუძნებელი, მაშინ დატვირთულობის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობდა.




























