მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გირაოდ შევთავაზეთ მოგება, რაც კომპანიამ 4 წელში მიიღო - $700 მლნ-ის გათეთრებაში ბრალდებულის ადვოკატი

კახა კოტორაშვილი

„ფულის გათეთრების“ მასშტაბურ საქმეზე, რომელშიც ბრალდებული კახა კოტორაშვილი პატიმრობაში რჩება, დაცვის მხარე გენერალური პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების თაობაზე პასუხს ელოდება. ადვოკატ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ამ ეტაპზე პროცესში ცვლილებები არ არის და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ადვოკატის bm.ge-სთან თქვა, რომ დაცვის მხარემ სახელმწიფოს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ სოლიდური თანხა დაახლოებით 300 000 ლარი შესთავაზა. ქარჩავას თქმით, ეს არის ის სრული მოგება, რაც შპს „ფინმა“ ოთხი წლის განმავლობაში ვალუტის კონვერტაციიდან მიიღო.

„ცვლილება არ არის, დაკითხვები დავიწყეთ. საპროცესო შეთანხმებაზე ჯერ ვერ შევთანხმდით, ყოველ შემთხვევაში, შეთანხმება ჯერ არ არსებობს. გენერალური პროკურატურიდან პასუხი არ გვაქვს. დაკითხვები 15 აპრილის სხდომაზე გაგრძელდება, თუმცა ვინც აქამდე დაიკითხა, რეალურად ფულის გათეთრების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე არავინ საუბრობს.

გირაოს სახით ჩვენი მხრიდან დიდი თანხა იქნა შეთავაზებული. რეალურად, რაც თანხის დახურდავებისგან შპს "ფინმა" მიიღო, ის თანხა შევთავაზეთ. ოთხი წლის განმავლობაში ნანახი მოგება, რომ უბრალოდ თავი დაგვეხსნა. საუბარი იყო მთლიანად დახურდავებულ თანხაზე, რადგან 100 000$-ის დახურდავებიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ 100 ლარი რჩებოდა. ჯამში ეს მოგება დაახლოებით 300 000 ლარამდე იყო. სწორედ ეს თანხა შევთავაზეთ სახელმწიფოსა და პროკურატურას. თუ თვლით, რომ ეს მოგება უკანონოა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა და ფულის გათეთრებასთან თუ შემოტანასთან არანაირი კავშირი არ გვქონდა, ამ მოგებას გადავიხდით-მეთქი. პასუხი ისეთია, რომ მათ ეს ოდენობა არ აკმაყოფილებთ", - განაცხადა ადვოკატმა BM.GE-სთან.

სასამართლოზე დაკითხული ერთ-ერთი ფიგურანტის ჩვენება ადასტურებს, რომ კოტორაშვილს უკანონო საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის სხვა მონაწილეებს რომლებსაც ქვეყანაში რუსული რუბლი შემოჰქონდათ საპროცესო შეთანხმებები უკვე გაუფორმდათ და ისინი თავისუფლები არიან.

"ახლა პროცესზე ერთ-ერთი ფიგურანტი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ 100 000$-დან მას დაახლოებით 100$ რჩებოდა. წარმოგიდგენიათ, მას თუ 100$ რჩებოდა, სხვაგან გადახურდავებისას კიდევ რა უნდა დარჩენოდა?

ვინც დავკითხეთ, ყველამ თქვა, რომ კოტორაშვილთან მიმართებით რაიმე შემხებლობა ან უკანონო კავშირი არ დასტურდება. ეს სასამართლო პროცესზეც დადასტურდა. მას არანაირი შეხება უკანონო საქმიანობასთან არ ჰქონია. მათ ყველას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და ყველა თავისუფალია. საუბარია დაახლოებით ოთხ პირზე, ვისაც საქართველოში აზერბაიჯანიდან რუსული ფული შემოჰქონდა და უკან დოლარი გაჰქონდა. მათ სასჯელი დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში მოიხადეს.“

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ სამართალდამცველებს შპს ფინის 10%-იანი წილის მფლობელთან ვახტანგ კოტორაშვილთან კითხვები არ აქვს.

"მასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ, ვინაიდან ის ფორმალურად იყო წილის 10%-ის მფლობელი. 10%-იანი წილი მხოლოდ იმიტომ გაფორმდა, რომ კომპანიას საქმიანობა არ შეჩერებოდა. მან ეს ყველაფერი გამოძიებასაც განუმარტა", - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი, რაც შემდგომ 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს.

ამ დროისთვის კახა კოტორაშვილი პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპი იწყება, შემდეგი სხდომა კი 15 აპრილს გაიმართება. დაცვის მხარე კვლავ საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია.

შეგახსენებთ: საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

ბრალდებული კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისთვის პატიმრობის შეფარდებისას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კახა კოტორაშვილს გაქცევა არ უცდია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, $700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის კომპანიები სებმა მხოლოდ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ₾210 000-ით დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები