$700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის კომპანიები სებმა ₾210 000-ით დააჯარიმა. საუბარია სესხის გამცემ სუბიექტ და ვალუტის გადამცვლელ შპს ფინ-ზე.
ვალუტის გადამცვლელი 172,000 ათასი ლარით, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტი 38,000 ლარით დაჯარიმდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 90% ბრალდებულ კახა კოტორაშვილს, 10% კი ვახტანგ კოტორაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი არ აქვს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
აქამდე, რეგულატორს კოტორაშვილის კომპანიები დაჯარიმებული არ ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობა არც ამ ჯარიმების შემდეგ შეჩერდება.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი:
- კლიენტთა აღურიცხაობა (133,000 ლარი): გამოვლინდა კლიენტების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ პროგრამულ სისტემაში აღურიცხაობის 19 ფაქტი. თითოეულ შემთხვევაზე პუნქტი 7,000 ლარით დაჯარიმდა.
- ინფორმაციის არასწორი წარდგენა (16,000 ლარი): ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გარიგების შესახებ ინფორმაციის არასწორად წარდგენის 8 ფაქტი.
- პროგრამული ხარვეზები (10,000 ლარი): დანერგილი ელექტრონული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა საეჭვო გარიგებების გამოვლენას და პირების გადამოწმებას სანქცირებულთა ან პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ასევე, არ გააჩნდა KYC (იცნობდე შენს კლიენტს) სტანდარტის მხარდაჭერა.
- კლიენტის საქმიანობის დაუდგენლობა (8,000 ლარი): გამოვლინდა კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 4 შემთხვევა.
- შიდა კონტროლის სუსტი მექანიზმები (3,000 ლარი): პუნქტი ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლისა და მონიტორინგის ვალდებულებების შესრულებას.
- ინფორმაციის წარუდგენლობა (2,000 ლარი): მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის 1 ფაქტი.
სესხის გამცემი სუბიექტის შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი:
1. პროგრამული ხარვეზები და სანქცირებული პირების კონტროლი
ყველაზე მაღალი ჯარიმა — 15,000 ლარი, სუბიექტს პროგრამული ხარვეზების გამო დაეკისრა. გაირკვა, რომ ორგანიზაციაში დანერგილი ელექტრონული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას. რაც მთავარია, ტესტირების პროცესში პროგრამამ ვერ შეძლო სანქცირებული პირის ავტომატური გამოვლენა და ბლოკირება.
2. დოკუმენტაციის დაგვიანებული და არასწორი წარდგენა
შპს „ფინ“-მა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტი 2019 წელს დარეგისტრირდა, დოკუმენტაცია მხოლოდ 2021 წლის იანვარში წარადგინეს, რის გამოც კომპანია 5,000 ლარით დაჯარიმდა. დამატებით, შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ორი ფაქტის გამო, სანქციამ კიდევ 4,000 ლარი შეადგინა.
3. "იცნობდე შენს კლიენტს" (KYC) სტანდარტის დარღვევა
სესხის გამცემმა სუბიექტმა ოთხ კლიენტთან მიმართებით, ვერ დაადგინა მათი საქმიანობის არსი, რამაც ჯამური ჯარიმა კიდევ 8,000 ლარით გაზარდა.
4. შიდა კონტროლის არარსებობა და სხვა დარღვევები
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიას საერთოდ არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები (5,000 ლარი). ასევე, დაფიქსირდა რისკების ზედამხედველობის ანგარიშგებაში არასწორი მონაცემების ასახვის ფაქტიც (1,000 ლარი).
შეგახსენებთ, $700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის დაკავებიდან 3 თვე გავიდა.
როგორც BMG-ის ბრალდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, კახა კოტორაშვილს წინასწარი პატიმრობის პირველადი ვადა ორი თვით გაუგრძელეს. მისი თქმით, მიზეზად „გამოძიების ინტერესები“ დასახელდა.
საქმე ის არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის პირველადი ვადა 2 თვეა, რაც კახა კოტორაშვილის შემთხვევაში, 17 ნოემბერს გავიდა.
კოტორაშვილს პატიმრობა 17 სექტემბერს შეეფარდა - ის გლდანის ციხეში ჰყავთ.




























