საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დააჯარიმა.
სანქცირებულ კომპანიებს შორის არის შპს „ბიტანიკა“, რომელსაც 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის წილის 100%-ს „დიჯი კაპიტალი“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის საკუთრებაა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული რეგულაციები გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.
გიორგი კაპანაძის „ბიტანიკას“ გარდა, დაჯარიმებულ სუბიექტებს შორის არიან ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის „უნოტრონი“, ძმები პაპაშვილების თანასაკუთრებაში არსებული “ვაითბით ჯორჯია” და სხვა კომპანიები.
დაჯარიმებული 13-ვე კომპანიის სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- შპს „ბიტანიკა“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). მფლობელი: გიორგი კაპანაძე („დიჯი კაპიტალის“ მეშვეობით), დირექტორი: ვახტანგ ჭითანავა;
- შპს „ბეთქეივ“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). მესაკუთრე და დირექტორი: გიორგი მაისურაძე („ემ ჯეი ფინტეკი“);
- შპს „ბიტარი“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). მესაკუთრე: ვახტანგ გელაშვილი, დირექტორი: მარიამ სილაგაძე;
- შპს „ფეიბით ჯორჯია“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). 50%-იან წილებს გიორგი ბიჭიკაშვილი და ირაკლი სიჭინავა (დირექტორი) ფლობენ;
- შპს „სტელექსი“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). მესაკუთრე: მარგარიტა ჯიშკარიანი, დირექტორი: ლაშა სვანიძე;
- შპს „მატიო“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). მესაკუთრე და დირექტორი: რატი მესხიშვილი;
- შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). 83%-ს დავით ბეჟუაშვილი („ეგზაჯორჯია“) ფლობს, 17%-ს - ნიკა ყოლბაია;
- შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). მესაკუთრე: ვალოდია ვერულაშვილი, დირექტორი: პაატა ვერულაშვილი;
- შპს “ვაითბით ჯორჯია” - 3 000 ლარი. წილებს სულხან პაპაშვილი (30%), ლაშა პაპაშვილი (20%) და უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ნოსოვი (50%) ინაწილებენ;
- „დიჯიტალ მარკეტს სოლუშენსი“ - 9 000 ლარი. მესაკუთრე: საფრანგეთის მოქალაქე სედრიკ რაშედი;
- შპს „უნოტრონ“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). 100%-იანი წილის მფლობელი: ირაკლი სესიაშვილი, დირექტორი: მიშელი ივანიძე;
- შპს „კრიპტო ჩენჯ ბათუმი“ - 9 000 ლარი. მესაკუთრე: ანაიტ ქთოიანი, დირექტორი: სოფლიო კვირკველია;
- შპს “დიჯითალ პლათფორმ“ - 3 000 ლარი. მესაკუთრეები: გიორგი დაუშვილი (44%), რევაზ ლაშქარავა (25%), თინათინ კვინტრაძე (12%), ზურაბი ჩომახაშვილი (10%) და გიორგი თუშურაშვილი (9%).
საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის თანახმად, სპეციალურმა პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზედამხედველობა.


























