საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო ბაზარზე შესვლის მკაცრ მოთხოვნებს აწესებს. მისი შეფასებით, რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ სებ-ში რეგისტრაციისთვის თავის არიდება სწორედ ამ მოთხოვნების სიმკაცრეს ადასტურებს.
ჯელაძის განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია Shelbit-ის სანქცირებას მოჰყვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Shelbit-ს სებ-ისთვის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერად (VASP) რეგისტრაციის მოთხოვნით არ მიუმართავს და, შესაბამისად, ის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი არ არის.
„საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს ორგანული კანონით. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.
მისივე თქმით, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ვირტუალური აქტივების მომსახურების საქმიანობის განხორციელება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს და ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ვერ მოექცევა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ისევე როგორც მანამდე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიები, საქართველოს ეროვნულ ბანკში არასოდეს ყოფილან დარეგისტრირებული. რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია“, - აღნიშნავს ჯელაძე.
მისი განმარტებით, VASP-ის რეგისტრაციის პროცესი მოიცავს კომპანიის ბიზნესმოდელის, ბენეფიციარი მესაკუთრეების, სახსრების წარმომავლობისა და ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების შემოწმებას. ჯელაძის შეფასებით, ეს მოთხოვნები სუბიექტების ბაზარზე დაშვებისას პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის მიღება VASP-ისთვის შესაბამისობის ვალდებულებების დასრულებას არ ნიშნავს. სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან, შესაბამისობაში იყვნენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ფინანსურ სანქციებთან.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ ისეთ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან, რომელიც ლიცენზირებული ან რეგისტრირებული არ არის ეროვნული ბანკის ან შესაბამისი უცხოური უწყების მიერ.
რაც შეეხება კონკრეტულად SHPS Shelbit-ს, ეროვნული ბანკის ცნობით, კომპანიას VASP-ად რეგისტრაციისთვის სებ-ისთვის არ მიუმართავს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა SHPS Shelbit 8 აგვისტოს სანქციების სიაში შეიყვანა. აშშ-ის უწყების ინფორმაციით, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით სიავაშ ქეივანფური, რომელიც ირანშია დაბადებული და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა, მართავს Shelbit Exchange-ს. აშშ-ის მხარის განცხადებით, ქეივანფურის მიერ მართული კომპანიების ქსელი ირანთან დაკავშირებულ უკანონო ციფრულ საქმიანობას უწყობს ხელს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში VASP-ების საქმიანობა მკაცრად რეგულირებადი სფეროა და შესაბამისი მომსახურების გაწევა სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე დაუშვებელია.
ჯელაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის რეგულირებისა და რეგისტრაციის სამართლებრივი ჩარჩო შექმნა.
„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მარეგულირებელი ჩარჩო სრულად ეფუძნება FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.
სებ-ის ცნობით, აღნიშნული მიდგომა ასახულია ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის MONEYVAL-ის 2024 წლის შეფასებაშიც. ეროვნული ბანკის განმარტებით, FATF-ის მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით, რომელიც ახალი ტექნოლოგიებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებას ეხება, საქართველოს შეფასება „მნიშვნელოვნად შესაბამისია“ (largely compliant).




























