თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზა გაიხსნება, ბაქო – გიუმრი – ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც საქართველოზე გამავალი ბაქო – თბილისი – ყარსის ამჟამინდელ მარშრუტზე მოკლეა, სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, რაც დამატებით დააქვეითებს შუა დერეფნის ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო განშტოების მიმზიდველობას. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი საკუთარ მიმოხილვაში წერს.
15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
როგორ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული – „გიუმრი – ყარსის რკინიგზის აღდგენისა და ამოქმედების მიზნით, ორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები ჩაატარებენ აუცილებელ ტექნიკურ – ეკონომიკურ კვლევებს“.
TCRC-ის მიმოხილვაში ასევე წერია, რომ გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენა შესაძლებელი გახდა ახლახან აშშ-ში ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ, რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ორ ქვეყანას შორის ახალი მარშრუტის ჩამოყალიბებას.
"იმ ვითარებაში, თუ გიუმრი–ყარსის მონაკვეთის აღდგენით თურქეთ – სომხეთ– აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტი შეიკვრება, ასეთ შემთხვევაში ახალ მიმართულებას, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოების ალტერნატივად ჩამოყალიბების პერსპექტივა გაუჩნდება.
ფაქტობრივად, სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების სრულად „დებლოკირების“ შედეგად, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თურქეთ – სომხეთ – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი დერეფნის ზანგეზურის და გიუმრი – ყარსის მიმართულებების კონკურენციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.
რა მდგომარეობაშია გიუმრი – ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურა, რომელიც 1993 წლიდან დახურულია და უფუნქციო მდგომარეობაში იმყოფება.
2024 წლის ბოლოს სომხეთ – თურქეთის (ახურიკ – აკიაკი) სასაზღვრო პუნქტზე, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა, განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელის აღდგენის და საზღვრის გახსნის ტექნიკური დეტალები.
თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის პროექტი სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც პირველად 2023 წელს იყო წარმოდგენილი.
არსებული მონაცემებით, გიუმრიდან ახურიკამდე (თურქეთ – სომხეთის სასაზღვრო სარკინიგზო სადგური) სომხური მონაკვეთის აღდგენას, რომელიც 6 კმ სიგრძისაა, ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება, რაც დროის და ფინანსური სახსრების თვალსაზრისით უმნიშვნელო პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეეხება ყარსიდან სომხეთის საზღვრამდე, თურქულ მხარეს არსებულ სარკინიგზო მონაკვეთის მდგომარეობას, იგი არსებობდა და მხოლოდ კაპიტალურ შეკეთებას მოითხოვს.
ცალსახაა, რომ სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან დამატებითი სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სომხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.
თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. რისი დადასტურებაცაა, ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ სომხეთის საზღვრის გასწვრივ განაღმვითი სამუშაოების დაწყება.
ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში მკაფიოდ არის ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების “ჩიხიდან” გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ.
თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლევა დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.
მას შემდეგ, როდესაც პროექტის განხორციელებისათვის ხელის შემშლელი პოლიტიკური საკითხები გადაწყვეტილია, თურქეთსა და სომხეთს შორის ახლახან გამართული მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს მხარეების მზადყოფნაზე, მოქმედებები აქტიურ ფაზაში იქნეს გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზედაც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია. სანაცვლოდ სომხეთ – თრქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება.
სომხეთის რკინიგზელების განცხადებით, საზღვარზე მატარებლების მიღების/გაგზავნის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ასევე რელსებისა და შპალების შეცვლის შედეგად, შესაძლებელია მოკლე პერიოდში განახლდეს სასაზღვრო სადგურის ფუნქციონირება და აღდგეს მატარებლებლების მოძრაობა.
წარმოდგენილი ფოტოებით ნათლად ჩანს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმყოფება, ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში და მოკლე ვადაშია შესაძლებელია მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
სომხეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი - ყარსის რკინიგზის აღდგენა, არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს", - აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებაში.




























