საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა ქალაქ რუსთავში, კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა.
განათლების უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელების პარალელურად პროფესიული განათლების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
როგორც განათლების სამინისტროს პრესრელიზში წერია, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კოლეჯების დაფინანსება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა. თუმცა, რა პოზიციები ჰქონდათ ან რა იდეები გამოთქვეს კოლეჯების ხელმძღვანელებს, არ არის აღნიშნული.
"შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ თემებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სამინისტროს წარმომადგენლები და კოლეჯების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა რეგულარულად იმართება და თითოეულ შეხვედრაზე წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება", - იტყობინება განათლების სამინისტრო.




























