"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს ახლად დანიშნული მინისტრი, გივი მიქანაძე წარუდგინა.
გავრცელებულ განცხადებაში ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ გივი მიქანაძეს განათლების მინისტრობისთვის საჭირო თვისებები და გამოცდილება აქვს. "ოცნების" პრემიერი განათლების სისტემაში საჭირო რეფორმებსა და ცვლილებებზეც საუბრობს, რომლებიც, მისი აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა განხორციელდეს.
"განათლებისა და მეცნიერების სფეროში გივი მიქანაძის ფართო გამოცდილებაზე გავამახვილე ყურადღება და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვე.
როგორც აღვნიშნე, გივი მიქანაძე თავად მუშაობდა, როგორც ლექტორი-პედაგოგი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი სამართლის სფეროში; ძალიან ახლო შეხება ჰქონდა ყველა იმ საკითხთან, რომლებიც დაკავშირებულია სამომავლოდ განათლების სისტემის რეფორმირებასთან. ის ასევე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო შსს-ს აკადემიის რექტორი; მენეჯმენტისა და მართვის რგოლშიც აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, ისევე როგორც პოლიტიკურ საქმიანობაში. არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, ყველა იმ თვისებითაა აღჭურვილი, რომლებიც სჭირდება მინისტრს, განსაკუთრებით იმ სამინისტროში, რომელსაც შეხება აქვს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან, საუბარი ეხება ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას.
სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების მნიშვნელობას.
განვაცხადე, რომ ჩვენი ამბიციური მიზანია, უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივი და ფუნდამენტური რეფორმირება. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში სჭირდება ჩვენი ქვეყნის საუნივერსიტეტო განათლებას და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები.
უწყების თანამშრომლებთან საუბრისას აღვნიშნე ისიც, რომ ვფიქრობ, ამ ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. ასევე არის უამრავი გამოწვევა ზოგადი განათლების დონეზე და იქაც გვჭირდება სერიოზული რეფორმების განხორციელება", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
კობახიძემ ახალი მინისტრი გუშინ, ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ქართული ოცნების პირობებში, ეს ამ უწყებაში მინისტრის ცვლილების უკვე მე-9 შემთხვევაა. განათლების წინა მინისტრი, ალექსანდრე წულაძე პოსტს 8 თვე იკავებდა, მანამდე კი იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო.




























