გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სასწავლებელი გაიხსნას. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულ დირექტორთან, ედრიან ჩედვიკსა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორ ზაზა ფურცელაძესთან შეხვედრისას აღნიშნა.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, საქართველო განათლების მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთ მოქმედი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონული ფილიალების გახსნას გულისხმობს.
სამუშაო შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ბრიტანეთის საბჭოს მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოში ხანგრძლივი და პროდუქტიული საქმიანობისთვის. კერძოდ, განათლების სფეროში გაწეული დახმარებისათვის.