მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით? - გივი მიქანაძის პასუხი

გივი მიქანაძე

ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რაიმე სხვა აშენდა“, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 21-ე საჯარო სკოლის მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დასწრებით ფორმატში აღდგეს.

„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის 21-ე საჯარო სკოლაში აღდგეს სწავლა-სწავლების პროცესი.

ჩვენი სამინისტროს შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ თხოვნით, რომ ეს სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს.

დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, შევხვდით 21-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობლებს, პედაგოგებს და განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სასწავლო წლის ბოლომდე მივიყვანოთ სწავლა-სწავლების პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სამუშაოები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ამაზე დღეს გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი საუბარი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მოვისმინეთ მშობლების პოზიციები და ჩვენც დეტალურად გავაცანით მიღებული დასკვნები.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, არაფერი გვაქვს დასამალი საზოგადოებისგან და მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ბავშვებს, პედაგოგებს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათი სწავლის გაგრძელებას.

განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა თხოვნა, რომ იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან, მშენებლებთან და ექსპერტებთან ერთად, ესტუმრა სკოლას და დაათვალიერა შენობის დაზიანებები.

შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები