„რუსთავის აზოტში“ აზოტმჟავას საამქროს კატალიზური გაწმენდის რეაქტორის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში საწარმოში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები დაინერგა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ 5.26 მილიონი ევრო შეადგინა. საიდანაც 3 მილიონი ევრო უშუალოდ „რუსთავის აზოტის“ კერძო ინვესტიციაა, ხოლო 2.26 მილიონი ევრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოყოფილი დაფინანსებაა.
პროექტის ფარგლებში რეაქტორში ჩაიტვირთა ახალი თაობის კატალიზატორი, სრულად განახლდა მისი შიგთავსი და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის თანამედროვე სისტემა. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის მუდმივ კონტროლს, სათბურის აირების ემისიების მნიშვნელოვან შემცირებასა და სამრეწველო პროცესების გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას.
„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს საწარმოო პროცესების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ამავდროულად უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური საქმიანობის მდგრადობა. „რუსთავის აზოტში“ განხორციელებული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძო სექტორის ინვესტიციების, საერთაშორისო პარტნიორების და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად კონკრეტული გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მათივე ცნობით, სამუშაოებს ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.





















