დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია - Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth გაიმართება.
ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) შავი ზღვის პლატფორმის (BSP) ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე დიმიტრიოს რალისი, EBRD-ს კავკასიის რეგიონული დირექტორი ტომას კაირისი, IFC-ს მენეჯერი საქართველოში შაბანა ხავარი და GIZ-ის პროექტის დირექტორი ტორბენ ჰაინემანი გახსნიან.
"კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.
აქცენტი გაკეთდება დერეფნის გაძლიერებისკენ მიმართულ დიპლომატიურ სინერგიაზე, მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების პროექტებზე და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში პროფესიულ განათლებაზე", - ნათქვამია EUGBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის - 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი, კონსტანცასა და ჩორნომორსკის პორტებიდან, ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი ლოგისტიკური კომპანიებიდან, აგრეთვე კომპანიები ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.























