საქართველოს მასშტაბით 8 ლოკაციაზე იუსტიციის სახლებს კომპანია „ენენ ჯგუფი" ააშენებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მცხეთის, გლდანის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიშის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების იუსტიციის სახლების ასაშენებლად გამოცხადებულ 26 959 642 ლარის ღირებულების ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა.
იუსტიციის სახლის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2023 წლის 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა და ინტერესი ამ ტენდერის მიმართ მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ენენ ჯგუფმა“ გამოხატა.
იუსტიციის სახლსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გასული წლის 15 დეკემბერს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 ოქტომბრამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენენ ჯგუფმა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 ობიექტის მშენებლობა სწორედ ამ დრომდე უნდა დაასრულოს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 თვეში უნდა დასრულდეს.
მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაში თითოეული იუსტიციის სახლის პროექტის შესრულების ხარჯებიცაა გაწერილი, რომლის მიხედვითაც ყველაზე დიდი თანხა გლდანის იუსტიციის სახლის ასაშენებლადაა გამოყოფილი.
ცალკეული იუსტიციის სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ასეთია:
- მცხეთის იუსტიციის სახლი - 4 546 216,91 ლარი;
- გლდანის იუსტიციის სახლი - 11 428 625,33 ლარი;
- საგარეჯოს იუსტიციის სახლი - 3 781 888,10 ლარი;
- ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი - 1 457 038,29 ლარი;
- შროშის იუსტიციის სახლი - 1 475 082,05 ლარი;
- ცაიშის იუსტიციის სახლი - 1 372 841,75 ლარი;
- ზოტის იუსტიციის სახლი - 1 409 246,32 ლარი;
- ტოლების იუსტიციის სახლი - 1 488 703,25 ლარი.
იუსტიციის სახლების 8 პროექტის განხორციელებისთვის „იუსტიციის სახლმა“ 2023 წელს ბიუჯეტიდან 8 896 682 ლარი უკვე გამოყო, დანარჩენი 18 062 960 ლარის გამოყოფა კი წელს იგეგმება.
თითქმის 27 მილიონიანი ტენდერის გამარჯვებული კომპანია „ენენ ჯგუფი“ საჯარო რეესტრის მიხედვით, 2006 წელსაა დაფუძნებული და მის 50-50%-იან წილებს კახა ღიბრაძე და ვასილ გუნიავა ფლობენ. კომპანიის დირექტორი კი გიორგი მანჯაფარაშვილია.
ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას ჯამში მონაწილეობა მიღებული აქვს 13 ტენდერში, აქედან 6 მოიგო, 7 კი წააგო. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 23 871 510 ლარი იყო. ამასთან, კომპანიას 2 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 15 მილიონი ლარი შეადგინა.