მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გლენბერისმა“ 2019 წელს ექსპორტზე $500 000 ღირებულების მარწყვი გაიტანა - რა გამოწვევები აქვს კომპანიას

5ee34deeb7c6e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.20 23:20
2498
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენა ტკოცაში კომპანია „გლენბერისმა“ 2019 წელს 250 ტონა მარწყვის ექსპორტი განახორციელა, რაც დაახლოებით 500 000 დოლარის ღირებულების იყო - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რაფაელ მაღალაშვილმა განუცხადა.

„გლენბერის“ სამაცივრე მეურნეობა 2018 წელს 5 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა. ამის შემდეგ ისრაელური ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. დღეისთვის კომპანია მეურნეობაში 20 დასახელების ხილ-ბოსტნეულის აწარმოებს და ჯამში ამ დროისთვის 191 ადგილობრივ ასაქმებს.

„ჩვენმა ფაბრიკამ გააკეთა უზარმაზარი მეურნეობა 17 ჰა-ზე დარგო მარწყვი. ველოდებით 700 ტონა მარწყვს, რომელიც ექსპორტზე ამერიკაში გავა.

გარდა ამისა 5.5 ჰა-ზე სათბურები ავაშენეთ, სადაც მოგვყვავს ბროკოლი და ეს გადის ამერიკაში და ისრაელში“, - ამბობს ბიზნესმენი.

რაფაელ მაღალაშვილის განცხადებით, კორონავირუსს ისინი არ დაუზარალებია და წარმოება გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა ამის მიღმა „გლენბერის“ დამფუძნებელი მთავარ პრობლემად ბაზარზე არსებულ უხარისხო ნედლეულს ასახელებს და ამბობს, რომ ამის გამო ის ექსპორტის მიმართულებით არსებულ რესურსს ვერ ითვისებს.

„პანდემიის განმავლობაში ისრაელში გავაგზავნე ერთი კონტეინერი მარწყვი და ორი კონტეინერი გავაგზავნე აშშ-ში. პროდუქცია რომ მქონოდა 20 კონტეინერს გავაგზავნიდი. ქართულმა მარწყვმა გული დამწყვიტა და აღარ მინდა მასზე დამოკიდებული ვიყო, რადგან სრულად დაუცველია სურსათის უვნებლობა.

ადგილობრივი მეურნეობებიდან ვყიდულობდით, ვამუშავებდით, ვაფასოებდით და ვუშვებდით ექსპორტზე, თუმცა წელს შესყიდული 40 ტონა მარწყვიდან 20 ტონა გადავყარე. ერთი კონტეინერი ვერ შევაგროვე რომ ამერიკაში გამეშვა.

ახლა იძულებული ვარ დაველოდო ჩემი პროდუქციის მომწიფებას, მანამდე კი ჩამოვიტან თურქეთიდან 40 ტონა, ანუ 40 000 ევროს ღირებულების მარწყვს და აშშ-ში ერთ კონტეინერს 50 000 დოლარად გავუშვებ“, - განაცხადა რაფაელ მაღალაშვილმა და დასძინა: „დაახლოებით 8 თვეა რაც შემომაქვს თურქეთიდან და ეგვიპტიდან პროდუქტი, ამ პერიოდში დაახლოებით 450 000 დოლარის ღირებულების 300-400 ტონა მარწყვი შემოვიტანე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები