საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური ბანკების მმართველების ყოველწლიური გლობალური შეფასება განაახლა. გამოცემის მიერ ევროპის რეგიონში შეფასებულ ცენტრალური ბანკების საქმიანობებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას აქვს, რომელსაც D შეფასება აქვს. Global Finance-ი ცენტრალური ბანკირების შეფასებებს ყოველწლიურად, შემოდგომაზე აქვეყნებს, მათ გამოცემა გატარებული რეფორმების, ფულად საკრედიტო გადაწყვეტილებების, მონეტარული პოლიტიკის მართვის ეფექტიანობისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მიხედვით ქულებით აფასებს, ხოლო იმ ცენტრალური ბანკირების მმართველებს, რომელთა საქმიანობის დაწყებიდან მცირე დრო (ერთ წელზე ნაკლები) არის გასული Global Finance-ი TETS ქულას უწერს, რაც ნიშნავს რომ შეფასებისთვის ჯერჯერობით საკმარისი დრო არ გასულა. სწორედ ეს შეფასება ჰქონდა ნათია თურნავას Global Finance-ის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც გასული წლის 24 სექტემბერს გამოქვყენდა, რადგანაც აღნიშნული პერიოდისთვის თურნავას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა.
2022 წელს კი ნათია თურნავას წინამორბედის კობა გვენეტაძის საქმიანობას Global Finance-ი A- ქულით აფასებდა; ასევე A- ქულა ჰქონდა გვენეტაძეს 2021 წელს, 2020 წელს; 2019 წელს; 2018 წელს. სწორედ 2018 წლიდან მონაწილეობს Global Finance-ის ცენტრალური ბანკირების გლობალურ შეფასებაში საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიიდენტიც.
Global Finance-ის განმარტებითი ბარათის თანახმად, ნათია თურნავას D ქულა მიაკუთვნეს სებ-ის მიერ გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საპასუხოდ დამტკიცებული საგამონაკლისო ბრძანების გამო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი სასამართლოც. Global Finance-ი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა, სალომე ზურაბიშვილმა კი ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც Global Finance-ი წერს, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობის შემცირებაა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობას 2023 წლიდან ნათია თურნავა ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ის ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს არ იკავებს, ეს მის პრობლემებს შორის ყველაზე მცირეა, რადგანაც როგორც თურნავა, ასევე მთლიანად ეროვნული ბანკი ჩათრეულია საქართველოს სულ უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებებში.
კითხვის ნიშნები გააჩინა ნათია თურნავას მიერ 2023 წლის სექტემბერში მიღებულმა გადაწყვეტილებამ როდესაც მან ვერ შეძლო აღესრულებინა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები რომლებიც დაუწესდა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. სებ-ი ამტკიცებდა, რომ ქართველი ფიზიკური პირის აქტივების გაყინვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ნათია თურნავას საკამათო პოზიციამ გამოიწვია ეროვნული ბანკის სამი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის გადადგომა და მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საყვედური, რომელმაც მას გადადგომისკენ მოუწოდა", - ნათქვამია შეფასებაში.
Global Finance-ი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2024 წლის ივლისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე მიუთითა, ხოლო თავად ნათია თურნავას კი Global Finance-ის შეფასებით არ გადაუდგამს საკმარისი ნაბიჯები იმისთვის, რათა მომხდარიყო მისი და მმართველი პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნების" დისტანცირება.
ევროპის რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება - Global Finance:
ქვეყანა | ცენტრალური ბანკის მმართველი | 2024 წლის ქულა |
დანია | კრისტიან კეტელ ტომსენი | A+ |
შვეიცარია | თომას ჯორდანი | A+ |
ევროკავშირის ცენტრალური ბანკი | კრისტინ ლაგარდი | A- |
ნორვეგია | იდა ვალდენ ბახი | A- |
შვედეთი | ერიკ თედინი | A- |
ჩეხეთის რესპუბლიკა | ალექს მიშელი | B+ |
რუმინეთი | მუგურ ისარესკუ | B+ |
გაერთიანებული სამეფო | ენდრიუ ბეილი | B+ |
ბულგარეთი | დიმიტარ რადევი | B |
ისლანდია | ასგეირ ჯონსონი | B |
უნგრეთი | ჯორჯ მატოლჩი | B- |
პოლონეთი | ადამ გლაპინსკი | C |
საქართველო | ნათელა თურნავა | D |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | იასმინა სელიმოვიჩი | შეფასება ადრეა |
თურქეთი | ფატიჰ კარაჰანი | შეფასება ადრეა |
ბელარუსი | პაველ კალაური | შეფასების გარეშე |
რუსეთი | ელვირა ნაბიულინა | შეფასების გარეშე |
უკრაინა | ანდრეი პიშნი | შეფასების გარეშე |
Global Finance-ის რეიტინგის მეთოდოლოგიის მიხედვით, რეიტინგი გამოცემის რედაქტორების მიერ ფორმირდება და ისინი ხელმძღვანელობენ იმ მასალებით რომლებიც ცენტრალური ბანკების შესახებ ფინანსური თვალსაზრისით არის ხელმისაწვდომი. მეთოდოლოგიის თანახმად, ცენტრალური ბანკირები შემდეგი ძირითადი კომპონენტების მიმართულებით ფასდებიან: მონეტარული პოლიტიკა; ფინანსური სისტემის ზედამხედველობა; აქტივების და ბონდების შესყიდვის პოლიტიკა; ეკონომიკური პროგნოზირება და გაიდლაინები; გამჭვირვალობა; პოლიტიკური დამოუკიდებლობა და დასახული მანდატის შესრულების ხარისხი.