სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ "გლობალაიზი" მორიგ კონფერენციას ახლა უკვე ლონდონში გამართავს.
კონფერენციაზე წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპები, მეწარმეები, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ინვესტორები, ადგილობრივი ტექ-საზოგადოება, სავაჭრო, ბიზნეს ინსტიტუციები და ასევე სხვა საჭირო ორგანიზაციები, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ბრიტანულ და მსოფლიო ბაზრებზე გაფართოებას ხელს შეუწყობს.
კონფერენცია 18 ნოემბერს, ლონდონში გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
“მოხარული ვართ, რომ არაერთი კომპანია და ორგანიზაცია დაინტერესდა სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე მხარდაჭერით. ამასთან, ვფიქრობ, მოწოდება დიასპორისთვის - აქტიურად ჩაერთონ ქართული ბიზნეს იდეების გლობალიზაციის პროცესში, საგრძნობლად დააჩქარებს ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტის გლობალურ ბაზრებზე განვითარებას,” - ამბობს Globalize-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.
Globalize UK Conference “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და “საქართველოს ბანკი ბიზნესის” მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენციის პარტნიორები არიან დეველოპერული კომპანია “დომუსი”, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), Sweeft Digital, Sky Logistics, Nexia TA. საინფორმაციო მხარდაჭერას ბიზნეს მედია საქართველო (BMG), Marketer.ge, Entrepreneur და “ბიზნეს პარტნიორი” უზრუნველყოფენ.
კონფერენციაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის სპიკერი წარდგება, რომლებიც დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ ანტრეპრენერებს, რაც მათ ბრიტანეთის ბაზარზე ადაპტაციას გაუადვილებს. თემები მრავალფეროვანია და მოიცავს ევროპის ბაზარზე ექსპანსიის გამოწვევებსა და სირთულეებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, მომავლის ტექნოლოგიებს და ა.შ. ანელური დისკუსიები მიეძღვნება ქალებს ტექნოლოგიებში, NFT-ისა და ხელოვნების მომავალს, Web3-სა და ბლოქჩეინს, და არა მხოლოდ.
“Globalize UK Conference” საშუალებას მისცემს სტარტაპებს, საკუთარი ინოვაცია და ბიზნეს-იდეა ინვესტორების წინაშე "ფიჩინგის" გზით წარადგინონ. ხოლო ექსპორტიორების პროდუქტები და სერვისები საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რათა აუდიტორიას წარმოდგენა შეექმნას საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ და დაისახოს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები” - განაცხადა Globalize-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი დავარაშვილმა.
კონფერენციამდე, 16-17 ნოემბერს, Globalize ლონდონში დაგეგმილ მასშტაბურ კონფერენციას - Going Global-ს დაესწრება, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის საჭირო რესურსებს აერთიანებს.
17 ნოემბერს, სტარტაპებისთვის დაგეგმილია "ფიჩინგისთვის" მოსამზადებელი "ვორქშოფები", რომელსაც ბრიტანელი მენტორები ჩაატარებენ. იმავე დღის საღამოს კი, გაიმართება ინვესტორების მიღება, რომელსაც "გლობალაიზი" “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა” და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ GLOBALIZE არის ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში, ხელს უწყობენ მათ ადგილობრივ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. ამ დროისთვის Globalize Community მსოფლიოში 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს აერთიანებს.