კაკაოს ცუდი მოსავლის გამო, შესაძლოა, შოკოლადი კიდევ გაძვირდეს - ასეთ პროგნოზს "ბლუმბერგის" ექსპერტები აკეთებენ.
უამინდობისა და დაავადების გავრცელების გამო, მიწოდების შესაძლო შეფერხების შიშით, გასულ წელს კაკაოს ფასები დაახლოებით 47%-ით გაიზარდა. Marex-ის პროგნოზით, გლობალური დეფიციტი შეადგენს 279 000 ტონას, რაც წინა ორი დეფიციტის ჯამზე მკვეთრად მეტია.
BMG დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, გლობალურ ბაზარზე კაკაოს დეფიციტს, საქართველოში წარმოებულ შოკოლადის ფასზე.
"ბარამბოს" მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კახნიაშვილი ამბობს, რომ კომპანია გლობალური ბაზრის ტენდენციაზეა დამოკიდებული.
“ჩვენი ფასები იმპორტულ ნედლეულზე დამოკიდებული, რომლის ფასებიც, სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო ძვირდება. აქედან გამომდინარე, რადგან “ბარამბოს” პროდუქციის ნედლეული 70% იმპორტირებულია, მაქსიმალურად ვცდილობთ და გვესმის მომხმარებლის პოზიციაც, ჯერჯერობით, მარჟის ხარჯზე ვახერხებთ ფასის დაჭერას, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთება რთულია - დღეს ჩვენც გლობალური ბაზრის ტენდენციაზე ვართ დამოკიდებული,“ - ამბობს ნიკოლოზ კახნიაშვილი.