მსოფლიოს მასშტაბით 1400-მდე ავიარეისი გაუქმდა. ამის მიზეზი გლობალური IT-შეფერხება გახდა, რამაც ავიაკომპანიების, აეროპორტების, ფინანსური ინსტიტუტების, მედია ორგანიზაციების, სამედიცინო დაწესებულებების ონლაინ სისტემების მუშაობა შეაფერხა.
BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით 512 ავიარეისი, გერმანიის მასშტაბით - 92, ინდოეთის - 56, იტალიის - 45, ხოლო კანადის მასშტაბით 21 რეისი გაუქმდა. ამასთან, მხოლოდ Turkish Airlines-მა 84 ფრენა გააუქმა. მსოფლიოს არაერთი ქალაქის აეროპორტში კვლავ ქაოსია. მგზავრების რეგისტრაცია შეფერხებულია, რის გამოც პროგრამულის ნაცვლად, რეგისტრაციას ხელით ატარებენ.
როგორც BBC წერს, ეს 2017 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური IT-შეფერხებაა, მაშინ კიბერთავდასხმა განხორციელდა Windows-ის ძველი ვერსიის კომპიუტერებზე, რის შედეგადაც 150 ქვეყანაში 300 000-მდე კომპიუტერის სისტემა დაზიანდა.
ამჯერად, მომხდარში Microsoft-მა "მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა" დაადანაშაულა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა, საუბარია კომპანია Crowdstrike-ზე, რომელიც გლობალურ კიბერუსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
თავის მხრივ, Crowdstrike-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯორჯ კურცმა განაცხადა, რომ შეფერხების მიზეზი "კონტენტის განახლების" ხარვეზი გახდა. მათივე თქმით, მიზეზი კიბერთავდასხმა არ ყოფილა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შეფერხების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა.