გასული კვირის ბოლოს მსოფლიო დროებით გაჩერდა: ავიაკომპანიები მგზავრებს ვერ არეგისტრირებდნენ, ბანკები ტრანზაქციებს ვერ ატარებდნენ, ხოლო მედიაკომპანიები ინფორმაციას ვერ ცვლიდნენ. ამ კომპანიების კომპიუტერებზე “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” (BSOD) გამოისახა, რამაც მუშაობა შეუძლებელი გახადა და პლანეტას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რაოდენ დამოკიდებულია ის ტექნოლოგიაზე. “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” Windows-ზე მომუშავე კომპიუტერებში მაშინ ჩნდება, როცა ოპერაციული სისტემა კრიტიკულ სისტემურ შეცდომას აწყდება, მუშაობას ავარიულად ასრულებს. თუ შეცდომა დიდია, კომპიუტერი ფუნქციონირებას ვეღარ აგრძელებს.
პირველი აზრი, რომელმაც შეიძლება გაიელვოს - კიბერთავდასხმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეალურად, საქმე კიბერუსაფრთხოებასთან გვაქვს. ამ პრობლემის სათავე ამერიკული კომპანია CrowdStrike-ია, რომელმაც გასულ კვირას პრობლემური განახლება გამოუშვა. CrowdStrike-ი კიბერუსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც კიბერსაფრთხეების აღმოჩენაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს. Sony Pictures-ზე 2014 წელს განხორციელებული თავდასხმა, ისევე, როგორც რუსი ჰაკერების ჩარევა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის 2015-2016 წლების საქმიანობაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა სწორედ CrowdStrike-ის დახმარებით გამოიძიეს. ეს ტეხასური კომპანია 29,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში, Fortune 1000-ში შედის.
რა მოხდა CrowdStrike-ის თავს?
წარმოიდგინეთ, რომ ჭკვიან სახლში ცხოვრობთ და ის უსაფრთხოების სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც სახლის ფუნქციონირების ყველა პროცესს აკონტროლებს, ანუ ის ისევე არის პასუხისმგებელი შუქის ჩართვა/გამორთვაზე, როგორც, მაგალითად, კარების დახურვაზე. კომპანია, რომელმაც უსაფრთხოების სისტემა შექმნა, ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობს, რისთვისაც მორიგი განახლება გამოუშვა. თავად ეს პროცესი თქვენთვის უცხო არ არის, რადგან იცით, რომ კომპიუტერულ სისტემებს პერიოდულად სიახლეები სჭირდებათ. კომპანიამ სათადარიგო ნაწილები ავტომობილით გამოგზავნა და ტექნიკოსიც მოაყოლა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ნაწილი დეფექტიანი იყო, რამაც მთელი სახლის უსაფრთხოების სისტემა თავდაყირა დააყენა, ანუ შუქი და კამერები გამოირთო, ხოლო კარები აღარ იკეტებოდა. თავად სახლი, ცხადია, არსად წასულა, მაგრამ პროცესები, რომელიც მას სახლად აქცევს - გაჩერდა.
დაახლოებით ასეთი რამ დატრიალდა გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გასულ კვირას. CrowdStrike-ის პორტფელში ბევრ პროდუქტს ვხედავთ და ერთ-ერთი მათგანი Falcon-ია - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპიუტერულ სისტემებს კიბერთავდასხმებისგან იცავს. ამ შემთხვევაში, პრობლემა უშუალოდ Falcon-ის განახლებაში იყო, რომლითაც Falcon-ის პროგრამული უზრუნველყოფის წაშლა სპეციალური უსაფრთხოების კოდის გარეშე იყო შესაძლებელი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ოპერაციულმა სისტემამ აღიქვა, რომ კოდში სერიოზული ლოგიკური დარღვევა მოხდა, რის შემდეგაც კომპიუტერმა მუშაობა ავარიულად დაასრულა და ვეღარ აღდგა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს პრობლემა CrowdStrike-ის მხოლოდ იმ მომხმარებლებს დაატყდა თავს, ვინც სულ მცირე Windows-ის 7.11-ის ვერსიას იყენებდნენ, რადგან Linux-ისა და MacOS-ის მომხმარებლებს პრობლემები არ შეჰქმნია. Microsoft-ის განცხადებით, “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” 8.5 მილიონ კომპიუტერზე გამოისახა, რაც Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე კომპიუტერების ერთ პროცენტზე ნაკლებია. თუმცა შედარებით მცირე მასშტაბის მიუხედავად, CrowdStrike-ის დეფექტიანმა განახლებამ გლობალურ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, რასაც ინვესტორები უარყოფითად შეხვდნენ. შემთხვევის შემდეგ, ამერიკული CrowdStrike-ის აქციის ფასმა თითქმის 25%-ით იკლო, მაგრამ პრობლემების დიდი ნაწილი, კომპანიას, სავარაუდოდ, წინ აქვს, რადგან ჯერაც უცნობია, თუ რა მოცულობის ზარალი მიადგათ კომპანიებს ამ განახლებით და აპირებენ თუ არა ისინი ამ ზარალის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიმართონ.