პერსონალური კომპიუტერების საოპერაციო სისტემების ბაზარი, როგორც ჩანს, საინტერესო მიმართულებით იცვლება. გლობალური ანალიტიკური კომპანია StatCounter-ის დათვლებით, Linux-ის გლობალური ბაზრის წილი 4.44%-მდე გაიზარდა, როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 3.12% იყო, 2022 წლის ივლისში კი, საერთოდაც, 2.76%. თუკი Linux-ის გამოყენების მაჩვენებელმა ეს ტენდენცია შეინარჩუნა, 2025 წლის თებერვლისთვის, საოპერაციო სისტემის ბაზრის წილი 5% იქნება.
ეს რიცხვები, შესაძლოა, მცირედ მოგვეჩვენოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Linux-ი ღია კოდის მქონე ფაქტობრივად უფასო საოპერაციო სისტემაა, რომელიც, უმეტესწილად, მხოლოდ ტექნოლოგიურ ენთუზიასტებში ვრცელდება. თუმცა ინდივიდუალური მომხმარებლების გარდა, Linux-ის სისტემას ხშირად ვხვდებით კორპორაციების IT-სტრუქტურაში, რადგან ეს სისტემა მოქნილი, ღია და იაფია და თან, მასზე ბევრი რამის დაშენება არის შესაძლებელი.
Linux-ის ბაზრის წილის ზრდა, შეიძლება Microsoft-ის მიერ ოპერაციული სისტემის განახლების პროცესის გართულებას უკავშირდებოდეს, რასაც განსაკუთრებით Windows 10-ისა და Windows 11-ის შემთხვევაში ვხვდებით. Microsoft-ის პირდაპირი ალტერნატივა, ცხადია MacOS-ია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი გამოყენება ფაქტობრივად მხოლოდ Mac-ზე შეიძლება, ის ძვირად ღირებულ ვარიანტად ითვლება.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტექნოლოგიური ენთუზიასტების დიდ ნაწილს არ მოსწონს, რომ Windows-ი ნელ-ნელა SaaS-პროდუქტს უფრო ემსგავსება, ვიდრე საოპერაციო სისტემას, ხოლო Apple-ი ცდილობს, საკუთარი ისედაც ჩაკეტილი ინფრასტრუქტურა მეტად ჩაკეტოს. თუ ამ სენტიმენტებს გავითვალისწინებთ, Linux-ის ბაზრის წილი, შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს.