ბოლო წლებში, გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დეველოპერების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, თანაც იმდენად, რომ მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ანუ ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი შეინიშნება. ამ პრობლემის საპასუხოდ, ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ადამიანების გადამზადება დაიწყეს, ბევრმა მათგანმა საკუთარი სკოლაც კი გახსნა. თუმცა, მოგვიანებით, ბაზარზე OpenAI-ის მიერ შექმნილი ChatGPT გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოში ნამდვილი რევოლუცია წამოიწყო და ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანა. თან, არ ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა დავალებების შესრულებასთან ერთად, ნეირონულ ქსელებს კოდის წერაც შეუძლიათ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული და შეთავსებით OpenAI-ის მფლობელი კომპანიის, ამერიკული Microsoft-ის ინფორმაციით, დეველოპერები, რომლებიც GitHub Copilot-ს იყენებენ, 55%-ით უფრო ეფექტიანები არიან, რაც დამოუკიდებელი კვლევებითაც დასტურდება, მაგრამ საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, თანამშრომელთა ეფექტიანობის მკვეთრ ზრდას სწორედ ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენება იწვევს, რადგან მათ მიერ გამოყენებული კოდის 40%, სწორედ AI-ის მიერაა გენერირებული. აღნიშნულ სტატისტიკას Goldman Sachs-ის კვლევაც ამყარებს, რომლითაც დადგინდა, რომ ხელოვნური ინტელექტი პროფესიების ორ-მესამედს შეცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ასეთი შემთხვევების უმეტესობაში, საუბარია AI-ის დამხმარე ფუნქციონალზე და არა - ადამიანების ჩანაცვლებაზე.
კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებენ - ეს გარდაუვალი რეალობაა. OpenAI-ის მიერ 2023 წლის აგვისტოში გავრცელებული მონაცემებით, ChatGPT-ის ამერიკის შეერთებული შტატების ხუთასი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების, იგივე Fortune 500-ის წევრი კომპანიების 80% იყენებდა. ასეთი კომპანიების თითქმის ნახევარმა, ChatGPT-ის დახმარებით, სულ მცირე 25,000 დოლარი დაზოგა - ასეთია Statista-ს მონაცემები. ასეთი დანახარჯის გამო, შესაძლოა, კომპანიებმა AI უფრო აქტიურად დანერგონ და ადამიანების დაქირავება შეამცირონ, რაზედაც Mitre-ს კვლევა მეტყველებს, რომლითაც დადგინდა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან კონკურენციაში დამარცხების ამერიკული სამუშაო ძალის 52%-ს სჯერა.
თავად ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი მუშაობის პრინციპს თავდაყირა დააყენებს - ფაქტია, რადგან ეს ასეა ნებისმიერი ტექნოლოგიური რევოლუციის დროს. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ბედი ელით დეველოპერებს. მაშ, ისმის კითხვა - ღირს თუ არა პროგრამირების სწავლის დაწყება 2024 წელს? ამ კითხვაზე ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ. ყველაზე რადიკალური პასუხი, რაც უნდა უცნაური იყოს, მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, NVIDIA-ს დამფუძნებელს აქვს. როგორც ჯენსენ ჰუანგი ამბობს, კომპანია ისეთ ტექნოლოგიას ავითარებს, რომლის დამსახურებით, პროგრამირების სწავლა აღარავის დასჭირდება.
“ახლა რაღაცას ვიტყვი და ის ზუსტად იმის საპირისპირო იქნება, რასაც ყველა გეუბნებათ. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ აუცილებელი იყო ბავშვებს კომპიუტერულ მეცნიერებებში მიეღოთ განათლება და პროგრამირება ესწავლათ. სინამდვილეში, ყველაფერი საპირისპიროდაა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი კომპიუტერული ტექნოლოგია, რომ პროგრამირება საერთოდ არავის მოუწიოს. პროგრამირების ენა უნდა გახდეს ადამიანური და სწორედ ასე იქცევა მსოფლიოში ყველა ადამიანი პროგრამისტად. აი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სასწაული”, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.
მაშ, რას ფიქრობს თავად ხელოვნური ინტელექტი, ანუ ურჩევს თუ არა ის ადამიანებს, 2024 წელს პროგრამირების შესწავლა დაიწყოს. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ChatGPT-სა და Gemini-ს მივაშურეთ და მათ ერთნაირი დავალება მივეცით: “ყოვლისმომცველად მიპასუხე შემდეგ კითხვაზე: აქვს თუ არა აზრი კოდის წერის სწავლის დაწყებას 2024 წელს? გაითვალისწინე, რომ კოდის წერა ChatGPT-ს და სხვა ნეირონულ ქსელებსაც შეუძლია”. ორივე ნეირონულმა ქსელმა, შინაარსობრივად, მსგავსი პასუხი გაგვცა, რომლის შინაარსი იყო, რომ კი, პროგრამირების სწავლის დაწყებას ჯერაც აქვს აზრი.
“ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოჩენამ, ცხადია, პროგრამირების სხვადასხვა ასპექტზე მოახდინა გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2024 წელს კოდის წერის სწავლის დაწყებას აზრი მაქვს აქვს. პროგრამირების ფუნდამენტური ცოდნის გაანალიზება ადამიანს აძლევს, როგორც ტექნოლოგიის უფრო ღრმა ცოდნას, ასევე სპეციალიზაციის საშუალებას და შემოქმედებითი უნარებისა და ინოვაციურობის განვითარების შესაძლებლობას”, - აი, ასე პასუხობს ჩვენ მიერ დასმულ კითხვას ChatGPT-ი, რომლის არგუმენტი, დიდწილად, იმ დაშვებაზე დგას, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის დამსახურებით ვითარდება, შესაბამისად ყოველთვის იქნება მოთხოვნა ისეთ ადამიანებზე, რომელთა მოვალეობა AI-ის მიერ გენერირებული კოდისა თუ სხვა კონტენტის შემოწმება იქნება.
ოდნავ განსხვავებულია Google-ის Gemini-ის მიერ გენერირებული პასუხი: “2024 წელს კოდის წერის სწავლის დაწყება, რასაკვირველია, ჭკვიანურია. ხელოვნურ ინტელექტს, მართალია, მარტივი კოდის დაწერა შეუძლია, ის ვერ ჩაანაცვლებს კომპლექსური დავალებების შესრულების უნარს, რომელიც პროგრამისტს აქვს; ამასთან, ის ვერ ადამიანის მოთხოვნებს ტექნიკურ გადაწყვეტებს და ვერ დაწერს კოდს ბევრი აპლიკაციისთვის. კარიერულ ცვლილებას ეძებთ თუ ახალი უნარის შეძენა გსურს - 2024 წელი შესანიშნავი დროა კოდირების დასაწყებად”, - წერს Gemini.
მაშ, რას ფიქრობენ პროგრამირების სწავლაზე წამყვან ქართულ IT-კომპანიებში? როგორც “ეპამ საქართველოს” გენერალური დირექტორი, გივი სართანია TECH INFORM-ში ამბობს, ის, რაზედაც ჯენსენ ჰუანგი საუბრობს - პროგრამირების ენაა და არა უშუალოდ პროგრამირების პროფესია, რადგან მისი თქმით, დაპროგრამება გაცილებით მეტია, ვიდრე კოდის წერა.
“ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ GenAI-ისა და LLM-ების გამოჩენამ ცვლილებები IT-ინდუსტრიაში და ყველა სფეროში შეიტანა. არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის ახლა ცნობილ ძალიან ბევრ პროფესიას ჩაანაცვლებს, მაგრამ საპირწონედ ამისა, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ხელოვნური ინტელექტი იმ ადამიანებს ჩაანაცვლებს, რომლებიც AI-ის გამოყენებას და მასთან მუშაობას ვერ ისწავლიან.
ჯენსენ ჰუანგის გამონათქვამს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, მისი შეფასებით, კოდირების სწავლას აზრი არ ექნება, რადგან კოდირების ენებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, რომელთანაც საუბარი და დავალებების მიცემა ადამიანურ ენაზე იქნება შესაძლებელი.
ჩემი აზრით, ეს პროფესია შესწავლად ღირს და ის ყოველთვის მოთხოვნადი იქნება, რადგან დაპროგრამება არ არის მხოლოდ პროგრამირების ენის შესწავლა. დაპროგრამება არის უნარი, რომელიც საშუალებას გაძლევს გარკვეული ბიზნესპრობლემები ავტომატიზაციით და პროგრამების მეშვეობით გადაწყვიტო, ხოლო დაპროგრამების ენა არის ხელსაწყო, რომელსაც ამ პროცესში იყენებ. ვფიქრობ, რომ ხელსაწყო განვითარებას ისევე განაგრძობს, როგორც ბოლო წლებში, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ითამაშებს, მაგრამ ნიჭიერი პროგრამისტები კვლავაც საჭირო იქნება”, - განაცხადა გივი სართანიამ TECH INFORM-ში.
რამდენიმე თვის წინ, BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ამ კითხვას ამერიკული IT-კომპანიის, “ლინეიტის” ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, თორნიკე სულაბერიძემაც უპასუხა, რომელიც ფიქრობს, რომ პროგრამირების სწავლის დაწყება ჯერაც სარფიანი გადაწყვეტილებაა.
“პროგრამირების სწავლის დაწყება, რასაკვირველია, ღირს, რადგან ეს მომავლის პროფესიაა. მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტში აბარებენ, ამ მიმართულებით ჩააბარონ. თუმცა ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი ისაა, რომ, როცა სწავლას იწყებ, შესაბამისი მოლოდინები უნდა გქონდეს, ანუ არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ, სამთვიან კურსს გაივლი და მილიონერი გახდები - ეს ასე არ არის.
პროგრამირების სწავლა მარტივი არ არის, ეს საკმაოდ რთული და გრძელი გზაა. იმისთვის, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდე, ამ საქმეს დიდი დრო უნდა დაუთმო. ამ სფეროში ყველაფერი ისეა, როგორც სხვა სფეროებში - კარგი ექიმიც, რომ გახდე საფეხურების გავლა გჭირდება. მაღალი დონის პროგრამისტი რომ გახდე, შესაბამისი გამოცდილება გჭირდება, ანუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის საპოვნელად პორტფელი უნდა დააგროვო, რომლის გარეშე, ეს წარმოუდგენელია.
სწავლას რაც შეეხება, თუ გვსურს, რომ ეს სექტორი გაიზარდოს, მაშინ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. იმედი მაქვს, ბაზარზე ჩვენნაირი კომპანიების შემოსვლით, ადგილობრივ მოსახლეობაში მოთხოვნა გაიზრდება და კომპიუტერულ მეცნიერებებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისწავლის”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.