მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პროგრამირება ყოველთვის მოთხოვნადი პროფესია იქნება” - გივი სართანია

გივი სართანია

ღირს თუ არა პროგრამირების სწავლის დაწყება 2024 წელს, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა განვითარებული სამყაროს ლამის ყველა სახლში დაიდო ბინა? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც ექსპერტებს დღეს ტექნოლოგიურ სამყაროში აწუხებთ, რადგან ChatGPT-ს და სხვა ნეირონულ ქსელებს კოდის წერა საკმაოდ გამართულად შეუძლიათ. OpenAI-ის მფლობელი კომპანიის, ამერიკული Microsoft-ის ინფორმაციით კი, დეველოპერები, რომლებიც GitHub Copilot-ს იყენებენ, 55%-ით უფრო ეფექტიანები არიან, რაც დამოუკიდებელი კვლევებითაც დასტურდება, მაგრამ საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, თანამშრომელთა ეფექტიანობის მკვეთრ ზრდას სწორედ ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენება იწვევს, რადგან მათ მიერ გამოყენებული კოდის 40%, სწორედ AI-ის მიერაა გენერირებული.

მოსაზრებას, თითქოს პროგრამირების სწავლა საჭირო აღარ არის, NVIDIA-ს დამფუძნებლის, ჯენსენ ჰუანგის გამონათქვამი ამყარებს: “ახლა რაღაცას ვიტყვი და ის ზუსტად იმის საპირისპირო იქნება, რასაც ყველა გეუბნებათ. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ აუცილებელი იყო ბავშვებს კომპიუტერულ მეცნიერებებში მიეღოთ განათლება და პროგრამირება ესწავლათ. სინამდვილეში, ყველაფერი საპირისპიროდაა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი კომპიუტერული ტექნოლოგია, რომ პროგრამირება საერთოდ არავის მოუწიოს. პროგრამირების ენა უნდა გახდეს ადამიანური და სწორედ ასე იქცევა მსოფლიოში ყველა ადამიანი პროგრამისტად. აი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სასწაული”, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.

მაშ, რას ფიქრობენ პროგრამირების სწავლაზე წამყვან ქართულ IT-კომპანიებში? როგორც “ეპამ საქართველოს” გენერალური დირექტორი, გივი სართანია TECH INFORM-ში ამბობს, ის, რაზედაც ჯენსენ ჰუანგი საუბრობს - პროგრამირების ენაა და არა უშუალოდ პროგრამირების პროფესია, რადგან მისი თქმით, დაპროგრამება გაცილებით მეტია, ვიდრე კოდის წერა.

“ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ GenAI-ისა და LLM-ების გამოჩენამ ცვლილებები IT-ინდუსტრიაში და ყველა სფეროში შეიტანა. არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის ახლა ცნობილ ძალიან ბევრ პროფესიას ჩაანაცვლებს, მაგრამ საპირწონედ ამისა, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ხელოვნური ინტელექტი იმ ადამიანებს ჩაანაცვლებს, რომლებიც AI-ის გამოყენებას და მასთან მუშაობას ვერ ისწავლიან.

ჯენსენ ჰუანგის გამონათქვამს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, მისი შეფასებით, კოდირების სწავლას აზრი არ ექნება, რადგან კოდინგის ენებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, რომელთანაც საუბარი და დავალებების მიცემა ადამიანურ ენაზე იქნება შესაძლებელი.

ჩემი აზრით, ამ პროფესიის შესწავლა ღირს და ის ყოველთვის მოთხოვნადი იქნება, რადგან დაპროგრამება არ არის მხოლოდ პროგრამირების ენის შესწავლა. დაპროგრამება არის უნარი, რომელიც საშუალებას გაძლევს გარკვეული ბიზნესპრობლემები ავტომატიზაციით და პროგრამების მეშვეობით გადაწყვიტო, ხოლო დაპროგრამების ენა არის ხელსაწყო, რომელსაც ამ პროცესში იყენებ. ვფიქრობ, რომ ხელსაწყო განვითარებას ისევე განაგრძობს, როგორც ბოლო წლებში, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ითამაშებს, მაგრამ ნიჭიერი პროგრამისტები კვლავაც საჭირო იქნება”, - განაცხადა გივი სართანიამ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები