ბოლო რამდენიმე წელიწადში, ქართული IT-ინდუსტრია ძალიან სწრაფად გაიზარდა. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, გასულ წელს, IT-სერვისების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 4-ჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. აღნიშნული მკვეთრი ზრდა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, ესენია: საერთაშორისო კომპანიებისთვის შექმნილი პროდუქტიული გარემო და IT-ტალანტების საქართველოში მიგრაცია.
თუმცა ინდუსტრიის ზრდის პარალელურად, ქართულ IT-ინდუსტრიაში ჯერაც არის გამოწვევები. როგორც საქართველოს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე სულაბერიძემ გადაცემა “საქმიან საღამოში” განაცხადა, მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე სექტორი დგას - ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის შექმნილი არათანაბარი გარემოა.
“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს გვაქვს - ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის შექმნილი არათანაბარი პირობებია. სექტორში დიდი დისკრიმინაციაა, რადგან ქართული კომპანიები ვერ სარგებლობენ იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებითაც საერთაშორისო კომპანიები სარგებლობენ. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე სერვისი ძვირდება და ქართულ კომპანიებს უწევთ, IT-სერვისის შესასყიდად ინდოეთს და უფრო იაფიან ბაზრებს მიმართონ. ჩვენ კი, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს, ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა გვეკრძალება, რადგან ეს მიმართულება შემოსავლის 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს.
ბევრ ქვეყანაში პოლიტიკა განსხვავებულია. ჩვენ კი, აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროსთან და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ზოგადად სექტორზე გავრცელდება და არა საერთაშორისო სტატუსის მქონე ცალკეულ კომპანიებზე”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ საქმიან საღამოში.
თუმცა საერთაშორისო კომპანიის სტატუსისა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების გარდა, IT-სექტორში პრობლემად ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს და კადრების დეფიციტს ასახელებენ.
“მეორე პრობლემა, დოკუმენტებს უკავშირდება. როგორც იცით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ძალიან ბევრი კომპანია გადმოვიდა, ბინადრობის უფლების მიღებაზე გარკვეული შეფერხებები გაჩნდა.
მესამე გამოწვევა კი - ადგილობრივი ტალანტის გადამზადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ტალანტის გადამზადების პროგრამა საქართველოს ICT ასოციაციის წევრ ყველა კომპანიას აქვს, მოთხოვნა ბაზარზე მაინც არის და გვსურს, უფრო მეტი ადამიანი გადავამზადოთ”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ “საქმიან საღამოში”.