მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი შედეგებით დაბრუნდა Lineate-ი WEB SUMMIT-იდან? - TECH INFORM

Lineate

ბოლო წლებში, ქართული IT-ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ 2023 წლის 1-ელი ნახევრის მდგომარეობით, ინდუსტრიის ექსპორტმა $430 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 194%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ინდუსტრიის ამგვარი ზრდა, დიდწილად, ორ ფაქტორს უკავშირდება, ესენია - საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო IT-კომპანიების რაოდენობრივი ზრდა და ჩვენს ქვეყანაში IT-ინდუსტრიაში დასაქმებული მიგრანტების გადმოსახლება.

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული FDI-გრანტით ისარგებლა და საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა - ამერიკული Lineate-ია, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ 2022 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, მდგრადად იზრდება. ცოტა ხნის წინ, Lineate-ის მენეჯმენტი, მრავალრიცხოვან ქართულ დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ ღონისძიებას - WEB SUMMIT-ს დაესწრო. კონფერენციაზე დამდგარი შედეგების შესახებ Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში ისაუბრა.

“WEB SUMMIT-ი საკმაოდ მასშტაბური კონფერენციაა, რომელზედაც, წელს, საქართველო მრავალმხრივ იყო წარმოდგენილი - ლისაბონში იყვნენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე სტარტაპები, ხოლო მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს საკუთარი პავილიონიც ჰქონდა. ამ პავილიონში ხუთი ტექნოლოგიური კომპანია იყო, მათ შორის - Lineate-იც.

საკმაოდ კარგი შედეგებით დავბრუნდით. წასვლამდე 15-მდე B2B-შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული, მაგრამ ჩვენი სტენდის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ინტერესი დიდი იყო და ბევრი ადამიანი, სწორედ ამ გზით გავიცანით.

როგორც იცით, სამიტსა თუ კონფერენციაზე შედეგი მაშინვე არ დგება, პირიქით, ამას დრო სჭირდება, მაგრამ გვახარებს რომ იმ შეხვედრებიდან, რომლებიც წინასწარ ჩავნიშნეთ, რამდენიმე კომპანიამ შემდეგი შეხვედრა იქვე ჩაგვინიშნა. დეკემბერში ზარებსაც ველოდებით და საერთო ჯამში, სამიტიდან კმაყოფილები ჩამოვედით”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ WEB SUMMIT-ი მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელსაც წელს 70 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ამასთან, WEB SUMMIT-ი სწორედ ის კონფერენციაა, რომლის მიერ მოწყობილ სტარტაპ-კონკურსზე, შარშან, ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა, Theneo-მ გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები