საქართველოში IT ინდუსტრიის ზრდის პარალელურად, ამოქმედდა ასოციაცია, რომელიც ყველაზე დიდ IT-კომპანიებს აერთიანებს. საუბარია საქართველოს ICT ასოციაციაზე, რომელიც 7,000-მდე ადამიანს, ანუ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების ნახევარს აერთიანებს.
“დღეს, ICT ასოციაციას 15 აქტიური წევრი კომპანია ჰყავს, მაგრამ სხვა კომპანიებსაც ვესაუბრებით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსით საქართველოში 100-ზე მეტი კომპანია სარგებლობს და თითოეული მათგანი, პოტენციურად, ჩვენი ასოციაციის წევრია. გამოდის, რომ არეალი, რომლის ათვისება გვინდა, საკმაოდ დიდია.
ამ ეტაპზე, ასოციაცია უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს. ჩვენი წევრი კომპანიები, ჯამში, საქართველოში 7,000-მდე ადამიანს ვასაქმებთ და $200 მილიონამდე ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენი სახსრებით, 3,000-მდე ადამიანი გადავამზადეთ”, - განაცხადა საქართველოს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე სულაბერიძემ “საქმიან საღამოში”.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე წელიწადში, ქართული IT-ინდუსტრია ძალიან სწრაფად გაიზარდა. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, გასულ წელს, IT-სერვისების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 4-ჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. აღნიშნული მკვეთრი ზრდა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, ესენია: საერთაშორისო კომპანიებისთვის შექმნილი პროდუქტიული გარემო და IT-ტალანტების საქართველოში მიგრაცია.
შემოსავლის ასეთი მკვეთრი ზრდა, მოგეხსენებათ, შეუძლებელია სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის მატების გარეშე. როგორც Galt&Taggart-ის კვლევაში ვკითხულობთ, 2021-2023 წლებში, IT-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა, ხოლო საშუალო ხელფასები გაორმაგდა. გასული წლის მონაცემებით, სექტორში 14,164 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასმა 7,192 ლარი შეადგინა.