ინფორმაციული ტექნოლოგიების, იგივე IT-ინდუსტრია, ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს დარგად იქცა. თავად ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის გლობალური IT-კომპანიებისთვის საქართველოში შექმნილი რბილი საგადასახადო პოლიტიკა, ასევე რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური ძვრები, რომელთა გამო, ბევრმა კომპანიამ და დეველოპერმა ადგილსამყოფელი იცვალა და რეგიონული ოფისი საქართველოში გახსნა.
საქართველოში IT-ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი “საერთაშორისო კომპანიის სტატუსი” გახდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ შემოიღო. პირველი გლობალური კომპანია, რომელიც ამ სტატუსით ისარგებლა - ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დალისტული “ეპამი” იყო, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა.
ქართული IT-ინდუსტრიის განვითარებაზე ვრცლად TECH INFORM-ში “ეპამ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, გივი სართანიამ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლები ქართული IT-ინდუსტრიისთვის ნახტომის ტოლფასი იყო. მისივე თქმით, ამ მხრივ დიდ როლს საერთაშორისო კომპანიები ასრულებენ, რომლებიც საქართველოს გლობალურ მოთამაშეებს აცნობენ და ამით, საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევაში ეხმარებიან.
“თამამად ვიტყვი, რომ ბოლო სამი წელი სწრაფი განვითარების, შეიძლება ითქვას, ნახტომის ტოლფასი პერიოდი იყო ქართული IT-ინდუსტრიისთვის, რომელიც საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებით და საქართველოში “ეპამის” შემოსვლით დაწყებული და რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური მოვლენებით დასრულებული. დღეს, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში IT-ინდუსტრიის კუთხით, რაზედაც Galt & Taggart-ის უახლესი კვლევა მეტყველებს, რომლიდანაც იკვეთება, რომ IT-კომპანიების შემოსავალი გაზრდილი არის თითქმის 10-ჯერ, IT-ტალანტების რაოდენობა კი 7-ჯერ და ყველაფერი ეს, შესაბამისად, ხელფასებზეც აისახა.
თუმცა ხილულ შედეგებთან ერთად, არსებობს ისეთი შედეგებიც, რომლებიც თვალნათლივ არ ჩანს. IT-განათლებით, მაგალითად, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და ამ კუთხით არსებული პოტენციალი ჯერ სრულად არ აგვითვისებია, რადგან ჯერაც ბევრი არის გასაკეთებელი. ჩვენ, ანუ “ეპამ საქართველო”, სხვა კომპანიებთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. საკუთარი ტრენინგ-ცენტრი გვაქვს, რომლის კურსები რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაიარა და ასობით მათგანი ჩვენთან დასაქმდა, ბევრმა კი სხვა კომპანიებში დაიწყო სამსახური.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც განვითარებას საჭიროებს ისაა, რომ საქართველო სულ უფორ და უფრო მეტად ჩანს გლობალური დამკვეთების რუკაზე, როგორც ტექნოლოგიური ჰაბი. ჩვენ, “ეპამ გლობალი” Fortune 500-ის კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და მათთვის პროექტებსა და პროდუქტებს საქართველოდან ვქმნით, საქართველოში ვეპატიჟებით და ჩვენს ქვეყანას ვაცნობთ არა, როგორც ტურისტულ დანიშნულებას, არამედ ტექნოლოგიურ ჰაბს. ამ მიმართულებით დიდი შრომა უნდა ჩავდოთ, მაგრამ დიდი პოტენცილი გვაქვს”, - განაცხადა გივი სართანიამ TECH INFORM-ში.